„სკანერი გადაატარეს ყველგან, სადაც მიუდგნენ. სადაც ვერ მიუდგნენ, თოკებით შევიდნენ. მაგრამ სკანერმა, საბედნიეროდ, არაფერი გვიჩვენა“, - უთხრა სოფო ბიბილაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ადგილის შემოწმება დღეს ტრაქტორების მეშვეობით იგეგმება.
„არის ერთი ადგილი, სადაც მიწა ცოტა სიმაღლეზეა. უნდათ, რომ ეს მიწა ტრაქტორებით გადმოყარონ აქეთა მხარეს“, - ამბობს ბიბილაშვილი.
დაკარგულის დედა ვარაუდობს, რომ შემოწმდება ტერიტორიაზე არსებული ჭაც.
„როცა ჩვენ გურიკა დავკარგეთ, ეს ჭა ღია იყო, თხელი თუნუქით იყო გადაფარებული. შიგნით მეტწილად ფოთლები და ტოტები ეყარა, მაგრამ წყალიც ჩანდა. მოსახლეობამ თქვა, პატარა ჭა არისო, მაგრამ შიგნით, როგორც ასეთი, არავინ ჩასულა შესამოწმებლად. ახლა ეს ჭა დაცემენტებულია, შიგნით მილები გადის, ზემოდან დიდი კარი ახურავს და ბოქლომი ადევს. ადგილზე იმდენი მაშველია, ვფიქრობ, მაგ ჭასაც მიხედავენ - ჩავლენ და ნახავენ“, - აცხადებს ბიბილაშვილი.
ადგილზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოების გარდა, დედის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება სხვა მიმართულებებითაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მლეთაში 10 აგვისტოს დაიწყო იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმება, საიდანაც, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო უწყების 50-მდე თანამშრომელი. ისინი ადგილს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონებითა და სკანერით ათვალიერებენ.
საგამოძიებო მოქმედებების გააქტიურებას წინ უძღოდა წლების წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის საჯარო განცხადებები.
დადიანიძის გაუჩინარება - შსს-ს ვერსია
საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 10 ივნისს სოფელ მლეთაში, ლომისობაზე, სალოცავში თბილისის თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა; მიკროავტობუსი სოფელ მლეთაში გაჩერდა და მათ ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.
ისინი „სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი“, - ამბობს შსს.
უწყების ცნობითვე, დადგინდა, რომ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი:
- „შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე უკვე გზის სირთულე აღარ იყო და თითქმის ჩასულები იყვნენ ავტომობილთან, ასევე მისი მარტო დატოვების არანაირი საშიშროება არ არსებობდა, იმ მომენტისთვის მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა“;
- „მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა“;
- „ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა“.
შსს-ს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, იმ ადგილას, სადაც ის ჩამოჯდა, ბევრი მომლოცველი დადიოდა.
უწყება ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოკითხულია ყველა, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე ჩატარდა „ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს“.
შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე „რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა“.
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე 2014 წლიდან 2017 წლამდე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ განხორციელებულა. 2014 წელს, დუშეთის რაიონულ სამმართველოში, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტზე შეიქმნა სამძებრო საქმე და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარდა ყველა საჭირო სამძებრო ღონისძიება“, - ამბობენ უწყებაში.
- ლომისის სალოცავთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია იწყება, თუმცა გურამ დადიანიძის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთა არ დასტურდება არც საოკუპაციო ძალების, არც თვითმხილველების მხრიდან.
ფორუმი