Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ეპიზოდი“ რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრების მნიშვნელოვან ფრაგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ფიოდორ დოსტოევსკის უდიდესი რომანის, „ძმები კარამაზოვების“ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდზე, რომელსაც თავად მწერალმა რომანის კულმინაციური წერტილი უწოდა, „დიდ ინკვიზიტორზე“. ესაა პოემა, რომელიც დაუწერია ივან კარამაზოვს და რომელიც საკუთარ თხზულებას „უყვება“ უმცროს ძმას, ალიოშა კარამაზოვს. არავინ არ იცის, ეს პოემა მარტო ამ პერსონაჟის გონებაში არსებობს, თუ მართლა არის დაწერილი. მისი შინაარსი მოკლედ ასეთია: მეთექვსმეტე საუკუნეში, აუტოდაფეებისა და ინკვიზიციის კოცონების ეპოქაში, სევილიაში ჩადის ქრისტე. ერთი შეხედვით, დაპირისპირება ხდება ინკვიზიციის მეთაურს, სამოცდაათი წლის კარდინალსა და ქრისტეს შორის, კათოლიკურ ეკლესიასა და ქრისტეს შორის (სხვადასხვა დროს დოსტოევსკის ხშირად გაუსვამს ხაზი სწორედ კათოლიციზმის კრიტიკაზე ამ ეპიზოდში). სინამდვილეში დაპირისპირება უფრო ღრმა ხასიათს ატარებს და იგი ხდება ეკლესიასა და ქრისტეს, ორგანიზებულ კონფესიასა და ინდივიდუალური ხსნის კონცეფციას შორის. ამ პოემის მიხედვით, ეკლესიას ქრისტესთან რამდენიმე პრეტენზია აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფლების საკითხი. შეუძლია თუ არა ადამიანს, ჰქონდეს ის თავისუფლება, რომელსაც მას ქრისტე ანიჭებს, თუ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ბედნიერებით, რასაც მას ეკლესია თავაზობს. სხვათა შორის, ეს ბედნიერებაც გაგებულია ძალიან მატერიალურად და იგი, ფაქტობრივად, კეთილდღეობას ემთხვევა. რა ურჩევნია ადამიანს, თავისუფლება თუ ბედნიერება; რატომ არ გაითვალისწინა ქრისტემ „უდაბნოს ხმის“ (სინამდვილეში სატანის) რჩევები; რა აქვს საერთო ეკლესიას ამ „უდაბნოს ხმასთან“; რატომ დააპატიმრებინა ხალხმა იესო კარდინალს, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG