Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტარი მაკალისტერი: კიდევ ერთი პოლიტპატიმარია გასათავისუფლებელი საქართველოში


ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სახით; თუმცა, აღნიშნა ასევე, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა ეს განცხადება გააკეთა 19 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. ევროპელი დეპუტატები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავდნენ საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის ანგარიშს - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ 15 მაისს. ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად. განსაკუთრებით მივესალმები პოლიტიკური პატიმრის - გიგი უგულავას გათავისუფლებას. ის მე მოვინახულე სამ-ნახევარი წლის წინ თბილისის ციხეში... მართალია, ზოგი გაათავისუფლეს, მაგრამ ერთი ცნობილი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ისევ ელოდება გათავისუფლებას...“ - განაცხადა მაკალისტერმა და დასძინა, რომ 8 მარტის შეთანხმება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გულისხმობდა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლება. თუმცა არაერთმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდეა შესასრულებელი და ამ პროცესს ევროპარლამენტის ყურადღება არ მოაკლდება.

კომიტეტის სხდომის მიწურულს დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს, რომ პოლიტპატიმარი კვლავ გასათავისუფლებელია საქართველოში. ამ მიმართულებით ის ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობის აქტიურობის საჭიროებასაც - „მოხარული ვიქნები, თუ ადგილზე ევროკავშირის წარმომადგენლობა იქნება აქტიური ასეთ საკითხებთან მიმართებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG