Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ინგლისური ლიტერატურის გამორჩეულ წიგნზე, რომანტიკული და გოთიკური მოტივების უცნაურ ჰიბრიდზე, დიდი მწერლის, ემილი ბრონტეს ერთადერთ შედევრზე – „ქარიშხლიან უღელტეხილზე“. ბრონტეს გვარმა მსოფლიოს სამი მწერალი და აჩუქა, შარლოტა, ემილი და ენი; ემილი ამ ერთადერთი წიგნითაა ცნობილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მსოფლიო რომანების სომერსეტ მოემისეულ ათეულშიც მოხვედრილიყო და ნორვეგიული წიგნების კლუბის მსოფლიოს ყველა დროის შედევრების ასეულშიც. „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მართლაც ქარიშხლიანი ვნებების, სიყვარულის, სიძულვილის, გაუტანლობის, შურისძიების წიგნია. ვინ იყო ჰითქლიფი, საიდან გაჩნდა იგი და სად მიაღწია იმას, რომ უპოვარი და უპატრონო ბიჭი ჯენტლმენად და დიდკაცად ჩამოყალიბდა? შეიძლება თუ არა, ერთდროულად ორი კაცი უყვარდეს ქალს, როგორც ეს სადისტური გადახრების მქონე ქეთრინ ერნშოს მოსდის, რომელსაც ვნებიანად უყვარს ველური ჰითქლიფი, მაგრამ მეუღლედ რესპექტაბელური ედგარ ლინთონი ურჩევნია? ბოლოს და ბოლოს, ეწვია თუ არა სინდისის ქენჯნა ჰითქლიფს? რას გრძნობდა იგი, როდესაც სიცოცხლის ბოლოს ხედავდა, რომ მთელი ცხოვრება რუდუნებით აგებული სიძულვილისა და ზიზღის იმპერიას პატარა ქეთი ლინთონისა და ჰართონ ერნშოს გულუბრყვილო და უმანკო სიყვარულმა წყალი შეუყენა? შეძლებს თუ ვერა ახალი სიყვარული ძველი სიძულვილის დაძლევას, თუ მასაც საგვარეულო წყევლა შეიწირავს? – ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG