„ველური ურთიერთობები“ - სამშენებლო სექტორში დასაქმებული იაფი მუშა ხელი
სამშენებლო სექტორში წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები იშვიათობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ გზით, ერთის მხრივ, დამსაქმებლები მალავენ გადასახადებს და თავს არიდებენ შრომის კანონმდებლობის შესრულებას, მეორეს მხრივ კი თავად დასაქმებულები მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იძულებულნი არიან ზეპირად გაურიგდნენ დამსაქმებლებს ან ისეთ შრომით ხელშეკრულებებს მოაწერონ ხელი, რომელიც კაბალური პირობებითაა სავსე: „უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და ადამიანებმა ოღონდ სამუშაო იშოვონ, აღარ კითხულობენ, დადებენ თუ არა ხელშეკრულებას, არც იმას კითხულობენ, რამდენი საათი მოუწევთ მუშაობა და ა.შ., რადგან ამ ადამიანებისთვის ეს სამუშაო არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და მის მიღმა რა ხდება და რა ტიპის ურთიერთობებში შედიან, ამას აღარავინ უღრმავდება. ძირითადად რაზეც მიდის ხოლმე მოლაპარაკება, ეს არის ანაზღაურება და უკვე აღარ უყურებენ სხვა უფლებებს, რამდენი საათი იმუშავებს, რას გააკეთებს, დაისვენებს თუ არა, ზეგანაკვეთური მუშაობა მოუწევს თუ არა და ა.შ“. რაისა ლიპარტელიანის თქმით, 16 წლის მოზარდს, გიორგი ბეშკენაძეს, რომელიც 16 ივლისს, თბილისში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიღუპა, ანაზღაურება არც კი ჰქონდა აღებული. რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, მოზარდთან არანაირი ტიპის ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. მით უმეტეს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სახიფათო, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვანთა დასაქმება კანონით აკრძალულია. გიორგი ბეშკენაძე, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო, კახეთიდან, სოფელ გვიმრიანიდან თბილისში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი