Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება


საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში:

  • საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს ადამიანს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ;
  • სანებართვო ვალდებულებების დარღვევისთვის სანქცია 100 ლარი იქნება.

მთავრობის გათვლით, პირელივე წელს, როცა სავალდებულო გახდება ლიცენზიის აღება, საბიუჯეტო შემოსავლები 488 ათასი ლარით გაიზრდება, 3 წელში კი ჯამში - თითქმის 2 მილიონ ლარამდე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან 34-ში არ იქნება საჭირო დამატებითი კადრების აყვანა, დანარჩენ 29 მუნიციპალიტეტში კი თანამშრომელთა რაოდენობა 48-ით უნდა გაიზარდოს.

საკანონმდებლო პაკეტი 6 კანონპროექტს მოიცავს, მათ შორის არის: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „საბიუჯეტო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. დოკუმენტი მიღების შემთხვევაში 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე მუნიციპალიტეტებმა ლიცენზიის გაცემის წესი უნდა შეიმუშაონ.

ტაქსის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა ლიცენზიის აღება, თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. ლიცენზია დაიყო A და B კატეგორიებად: თეთრი მანქანებით მგზავრების აყვანა შესაძლებელია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, B კატეგორიის ლიცენზიის მძღოლები კი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ემსახურებიან მგზავრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG