Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია


თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი
თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი

ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება.

"ეს არის ბუნებრივი დაბინძურება, რომელსაც ემატება თბილისსა და რუსთავში არსებული დაბინძურება. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ცუდი ჰაერის ხარისხი ამ დღეებში. მანქანებსაც რომ შეხედოთ, მოწითალო მტვერი ადევთ. ზოგადად, 10 დღე გრძელდება ხოლმე, გააჩნია ქარის სისწრაფეს", - ამბობს "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 18 იანვრის განცხადების მიხედვით, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალური აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

"აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, აგრძელებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

სპეციალისტები მოსახლეობას, თუკი აუცილებელი საჭიროება არ დგას, გარეთ დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ჰაერის ცუდი ხარისხის დროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:

ძალიან ცუდი, ძალიან არაჯანსაღი ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას:

  • გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები;
  • ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.

ცუდი, არაჯანსაღი ჰაერის დროს ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად. გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას თავი უნდა აარიდონ:

  • გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა;
  • ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
  • ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.

საშუალო, სენსიტიური ჯგუფებისთვის არაჯანსაღი ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის. გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა.

კარგი, საშუალო ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი მისაღებია; თუმცა, ზოგიერთ დამბინძურებელს შეიძლება გააჩნდეს ჯანმრთელობის გარკვეული ეფექტები მოსახლეობის იმ ძალზე მცირე ჯგუფისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემგრძნობელობა ჰაერის დაბინძურებისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG