Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორნელი კაკაჩია: 2026 წელს საზოგადოებას ექნება თავისი შანსი


კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

რას შეიძლება ველოდოთ 2026 წელს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში? რადიო თავისუფლება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, მძიმე და რთული წელი იწურება. 2025 წელს მომხდარზე დაყრდნობით, რას შეიძლება ველოდოთ 2026 წლისგან?

- მომავალი წელი შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ნეგატიური პროგნოზით, ავტორიტარიზმი განმტკიცდება და საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდება ევროატლანტიკურ სივრცეს. ამას მოჰყვება ვიზების შეზღუდვა, ჯერ სახელმწიფო მოხელეებისთვის, შემდეგ კი - გაისად თუ არა, მომავალ წელს - შესაძლოა ერთი წლით უკვე მოქალაქეებს გაუუქმონ ვიზები. თუ არაფერი შეიცვლება, შესაძლოა საბოლოოდაც გააუქმონ.

„ქართული ოცნების“ სისუსტე ის არის, რომ მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც შიგნით, ისე გარეთ...

მომავალ წელს რუსეთთან „ქართული ოცნების“ ლაციცი შესაძლოა გადამწყვეტ ფაზაში შევიდეს. შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით კონფედერაციაზე დაიწყონ ლაპარაკი. არ ვიცი რუსეთი რას მოითხოვს.

- და რას იზამს საქართველოს მოქალაქე? რა ბერკეტი აქვს მას, თუნდაც გაბრაზებულს, რამე შეცვალოს?

-„ქართული ოცნების“ სისუსტე ის არის, რომ მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც შიგნით, ისე - გარეთ. ვერ ახერხებს აიღოს ერის გამაერთიანებლის ფუნქცია. ასეთი ხელისუფლება მოწყვლადია. ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოებასაც ექნება თავისი შანსი. ეს ხელისუფლება თავად აფართოებს მოწინააღმდეგეების რიცხვს. უკვე გადაიმტერეს მედია, არასამთავრობო სექტორი, საჯარო მოხელეები, ახლა უნივერსიტეტებს მიადგნენ. ამ ხალხის უკან ათასობით ადამიანი დგას. საბოლოდ ამან შესაძლოა პატარა გუნდიდან ზვავის ეფექტი შექმნას. ანარქისტებიდან მონარქისტებამდე უკვე ყველა მათ წინააღმდეგ გამოდის. ჩამოყალიბდება უმრავლესობა, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ექნება, როგორმე ეს ხელისუფლება მოიშოროს თავიდან.

- სად გაიყვანს ეს თვითდინება „ქართულ ოცნებას“?

- ან ყველაფერი, ან არაფერი - ეს არის მათი ტაქტიკა. მიზანია ნებისმიერ ძალად შეინარჩუნონ ხელისუფლება, ერთ ადამიანს შეუნარჩუნონ ხელისუფლება. აქამდე ეს ამართლებდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მოწინააღმდეგეები უგროვდებათ... ესენი კი ცდილობენ ავტორიტარიზმის დამყარებას, მაგრამ საზოგადოება არ ღებულობს.

- არსებობს საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ნებით მიიღებს?

- დღეს საქართველოში არის 150-200 ათასი ადამიანი, რომელიც იბრძოლებს დემოკრატიისთვის. ეს ხალხი თუ წავიდა საქართველოდან, დანარჩენები უკვე შეეგუებიან.

საქართველოს აქვს პროტესტის კულტურა, ამიტომაც ცვლიან ყოველკვირა კანონებს.

შესაძლოა ივანიშვილმა ამ ახალ ჯგუფსაც ისე „შეაწმინდოს“ ყველაფერი, როგორც გახარიას „შეაწმინდა“...

ეს სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ნაკვერჩხალს თივის გვერდით. ოდნავი სიოც კი ცეცხლს წაუკიდებს. არ ვიცით, ეს სიო საიდან დაუბერავს. შესაძლოა ეს იყოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ან რეჟიმის ცვლილება უნგრეთში, სერბეთში. ხელისუფლებამ იცის, რომ პატარა პროტესტი დღეს საშიში არ არის, მაგრამ ნაკვერჩხლიდან ალი აინთება და ამიტომ ცდილობენ, პროტესტი გადატეხონ. რაც უფრო მოჭიმავენ ამ ზამბარას, მით უფრო დიდი ძალით დაუბრუნდებათ. ეს ყველაფერი იძლევა იმედს, რომ საშუალო და გრძელვადიან მომავალში სიტუაცია შეიცვლება.

- დროის რა პერიოდია საშუალო და გრძელვადიანი მომავალი?

- გრძელვადიანი გასაგებია რაც არის, მაგრამ საშუალო არის 2-3 წელი. თან გეოპოლიტიკურმა ან სხვა ფაქტორებმა შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს. ახლა „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუმართლა. გეოპოლიტიკური სიტუაცია მისკენ არის… მაგრამ ყოველთვის ვერ გაგიმართლებს.

- უცნაური არ არის, რომ ხელისუფლება ასე ღიად ააშკარავებს ყოფილი მინისტრების კორუმპირებულობას?

- მიზანი ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, კლანების ბრძოლა. ახალ ჯგუფს უნდა ის ფინანსური ნაკადები აკონტროლოს, რომელსაც ადრე სხვები აკონტროლებდნენ. დღეს მათ აქვთ კარტ-ბლანში, მაგრამ მერე რა იქნება? შესაძლოა ივანიშვილმა ამ ახალ ჯგუფსაც ისე „შეაწმინდოს“ ყველაფერი, როგორც გახარიას „შეაწმინდა“.

- წლის დასაწყისში ორივე მხარე დიდ იმედს ამყარებდა აშშ-ზე. „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, რომ ტრამპთან დაალაგებდა, პროტესტის მონაწილეებს კი სჯეროდათ, რომ ტრამპი მათ მიემხრობოდა. ამერიკამ საქართველოსთვის ჯერ ვერ მოიცალა?

- ჩვენი რეგიონი ტრამპის ადმინისტრაციისთვის აქტუალური არ არის. ადმინისტრაცია შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსადმი. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვყავს ელჩი, მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი. ეს აშშ-ის შეგნებული პოლიტიკაა. აშშ-მა რამდენიმე წერილი გამოგზავნა საქართველოში. „ქართულმა ოცნებამ“ იცის რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. შესაბამისად, აშშ-ის პოზიცია არ შეიცვლება. კი უნდა „ქართულ ოცნებას“ ტრამპს გული მოულბოს, როგორმე გავიდეს მასზე, მაგრამ რეალურად ამას ვერ აკეთებენ.

ახლა კარგი პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის როლი სწორედ ის არის, უარი თქვას ძველებურ მიდგომაზე, ხალხთან გავიდეს, მათ შორის რეგიონებში და ამ ხალხს ალტერნატივა შესთავაზოს...

ანაკლიის პორტზე რატომ არაფერი ხდება? ხომ უნდა აეშენებინა ჩინურ კომპანიას? მაგრამ მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ თუ საქართველო გახდა ჩინეთის ან ირანის მოკავშირე, ამან შეიძლება ტრამპის ყურადღება მიიპყროს. ტრამპისთვის ეს წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება. ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ანაკლიაში არაფერი გააკეთოს. სხვა მხრივ, ამერიკის ინტერესებში ახლა საქართველო კი არა, უფრო ძლიერი ქვეყნებიც აღარ არის.

- რას შეიძლება ველოდოთ ოპოზიციისგან 2026 წელს? ვთქვათ, ყველამ დატოვა ციხე, მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას? თუნდაც მოახერხონ, რა შეიძლება გააკეთონ?

- ოპოზიციისადმი შესაძლოა ბევრი კითხვა გვქონდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ჩვენთან ოპოზიცია ემიგრაციაში არ წასულა, ერთი კაცის გარდა. დღეს პოლიტიკური პარტიების როლი ძალიან შემცირდა პროტესტში. მთელი ტვირთი მოქალაქეზეა გადასული. ახლა კარგი პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის როლი სწორედ ის არის, უარი თქვას ძველებურ მიდგომაზე, ხალხთან გავიდეს, მათ შორის რეგიონებში და ამ ხალხს ალტერნატივა შესთავაზოს, იმ თემებზე ისაუბროს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. თან თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც დაძლიონ შიდა დაპირისპირება. სხვა ვარიანტი არ არის. ამას ელოდებიან საქართველოს პარტნიორებიც.

- სადამდე შეიძლება შეზღუდვები გაიზარდოს? რას უნდა ველოდოთ 2026 წელს?

- რაც საქართველოში ხდება, „ქართული ოცნების“ მოგონილი არ არის. ისინი სხვა ავტორიტარული ქვეყნების გამოცდილებას იყენებენ - აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელარუსის. შესაძლოა თანამშრომლობენ კიდეც ამ კუთხით. არ არის გამორიცხული, იმ ქვეყნებში რაც ხდება, იგივე აქაც მოხდეს, სოციალური ქსელები შეიზღუდოს, ადამიანს პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალონ. ჟანრის კანონია, ავტორიტარიზმი რაც უფრო ღრმავდება, მით უფრო აბსურდული ხდება და ეს კიდევ უფრო აჩქარებს მის დასრულებას. პოლიტიკაში ხშირად ხდება ის, რაც ადრე წარმოუდგენელი გეჩვენებოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG