Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ყოველ 2 დღეში ქალს კლავენ - რადიო თავისუფლების გამოძიება ფემიციდის მასშტაბის შესახებ


მკვლევრები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ირანში ოჯახური ძალადობის რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტია. ერთ-ერთი შეფასებით, რეალური რაოდენობა ოფიციალურს შეიძლება 100-ჯერ აღემატებოდეს.
მკვლევრები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ირანში ოჯახური ძალადობის რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტია. ერთ-ერთი შეფასებით, რეალური რაოდენობა ოფიციალურს შეიძლება 100-ჯერ აღემატებოდეს.

იანვრის ბოლოს ირანში ჯერაც გლოვობდნენ 17 წლის გოგონას სიკვდილს, რომელიც მამამ დაჭრა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, როდესაც გავრცელდა ცნობა, რომ კიდევ ერთი 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამამ და ძმამ გოგონას მაშინ ესროლეს, როდესაც მას ხელში ჩვილი ეჭირა.

ამ ორი ქალის, კანი აბდოლაჰის და ატეფე ზაგიბის შემთხვევები გამონაკლისი აღარაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირანში საგრძნობლად გაიზარდა ქალებზე ძალადობა მათი ოჯახის წევრების მიერ.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, რადიო ფარდას ანალიზის თანახმად, გასულ წელს სულ მცირე 133 ქალი და გოგონა მოკლეს მათმა ქმრებმა, მამებმა და ძმებმა. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ ორ დღეში ერთი ქალი ხდება ფემიციდის მსხვერპლი.

ირანში გასული წლის განმავლობაში (ირანული კალენდარი 318 დღისგან შედგება) ქალების მკვლელობის შემთხვევების განხილვა აჩვენებს, რომ ქალების მკვლელობის მხოლოდ სამი შემთხვევა ჩაიდინეს მსხვერპლის ოჯახის გარეთ მყოფმა პირებმა - ძარცვის ან სექსუალური ძალადობის მოტივით. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ფიგურირებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ფემიციდს უფლებადამცველები აღწერენ, როგორც მკვლელობას გენდერული მოტივით. როგორც წესი, საქმე გვაქვს გოგონებისა და ქალების დასჯასთან იმგვარი ქმედებებისთვის, რომლებიც მათი გენდერისთვის სოციალურად მიუღებლად მიიჩნევა უფრო კონსერვატიულ საზოგადოებებში.

Stop Femicide Iran, ნიუ-იორკში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ირანში ფემიციდის შემთხვევების უმეტესობას ამართლებენ, როგორც „ღირსების“ მკვლელობებს ან მას „ოჯახის საქმედ“ მიიჩნევენ. ქალებს მიზანში იღებენ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მიიჩნევა ტრადიციების, რელიგიური მოთხოვნების ან ოჯახის რეპუტაციის შემბღალავად.

აბდოლაჰი, გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა მამაკაცთან მეგობრობის გამო მოკლეს. ირანული მედიის ინფორმაციით, ზაგიბი მამამ და ძმამ იმის გამო მოკლეს, რომ გოგონა ორი წლის წინ შეყვარებულთან ერთად გაიპარა.

ფემიციდის სტატისტიკა

ირანში ოჯახში მკვლელობების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების“ თანახმად, ქალების მკვლელობებს ხშირად არ აღრიცხავენ, ანდა მას თვითმკვლელობას ან უბედურ შემთხვევას უწოდებენ.

ირანული გაზეთი „შარგი“ იუწყება, რომ ოჯახის მამრობითი სქესის წევრებმა 2021-დან 2023 წლებში მინიმუმ 165 ქალი მოკლეს. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სტატისტიკა 2024 წელს დაფიქსირებული 133 მკვლელობის შესახებ, მიუთითებს შემთხვევების ზრდაზე.

გარდა ოჯახში მკვლელობებისა, რადიო თავისუფლების მიერ ირანის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის შესწავლა აჩვენებს, რომ 74 000-ზე მეტი ქალი ეწვია სასამართლო-სამედიცინო ცენტრებს ფიზიკური გამოკვლევისთვის ოჯახური ძალადობის გამო. მკვლევრები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტია. ერთი შეფასებით, რეალური რაოდენობა ოფიციალურს შეიძლება 100-ჯერ აღემატებოდეს.

2024 წელს ქალების მკვლელობის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ 51 მათგანი კატეგორიზებული იყო, როგორც „ოჯახური დავა“. უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს ასახავს ირანის ხელისუფლების ტენდენციას - „ღირსების მკვლელობები“ დამალოს ოფიციალური სტატისტიკისგან მათთვის არასწორი კატეგორიის მინიჭებით. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება გაუპატიურებებთან დაკავშირებითაც, რომლებიც სახელმწიფო მედიისა და პოლიციის ანგარიშებში ხშირად კლასიფიცირებულია როგორც „შევიწროება“.

ირანის კანონი ეფუძნება ისლამური შარიათის წესებსა და პრაქტიკას. ეს წესები ხშირად მამებს და ქმრებს ანიჭებს უფლებას, თავად გადაწყვიტონ, როგორ უნდა აგონ პასუხი პირებმა, ვინც მათი ოჯახის ქალების წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული. ამგვარად, ხშირად გადაწყვეტილებას სასჯელის შესახებ ის პირები იღებდნენ, ვინც თავად მონაწილეობდა ან ამართლებდა ამ დანაშაულს.

ირანის სისხლის სამართლის კოდექსის 630-ე მუხლში ასევე ნათქვამია, რომ „როდესაც მამაკაცი დაინახავს, რომ ცოლი მრუშობს კაცთან და იცის, რომ ცოლი დათანხმდა ამას, შეუძლია ორივე მოკლას. თუ ქალი უდანაშაულოა, მაშინ მხოლოდ კაცის მოკვლა შეუძლია“.

„ღირსების მკვლელობების“ რაოდენობა, როგორც ჩანს, იზრდება

იურისტმა და ადამიანის უფლებათა ექსპერტმა საიდ დეგჰანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ მუხლის გამო მოსამართლეები ხშირად სასჯელებს აწესებენ „ღირსების მკვლელობის“ საქმეებში და დამნაშავეს მაქსიმალურ, 10-წლიან სასჯელს არ აკისრებენ.

მისი თქმით, ვითარებას ართულებს ირანში ქალთა სამართლებრივი დაცვის ნაკლებობაც. კანონპროექტი, რომელიც ქალთა დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, ირანის პარლამენტში 2013 წელს შევიდა, თუმცა მას შემდეგ მასზე არ უმსჯელიათ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები იზრდება.

ბოლო წლებში ირანში რამდენიმე „ღირსების მკვლელობამ“ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება.

14 წლის რომინა აშრაფი მამამ 2020 წელს მოკლა. მანამდე აშრაფი 28 წლის მამაკაცთან ერთად გაიპარა. ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. წყვილი დააპატიმრეს. გოგონას მამის ეშინოდა, თუმცა ის მაინც გადასცეს ოჯახს. გოგონა მამამ ძილში მოკლა ნამგლით.

კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა შეეხებოდა 17 წლის მონა ჰეიდარის, რომელსაც ქმარმა თავი მოჰკვეთა. მანამდე გოგონა ოჯახურ ძალადობას თურქეთში გაექცა, თუმცა დაბრუნება მოუწია. ინტერნეტით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაატარებს ქუჩებში ქმარი თავისი მეუღლის მოჭრილ თავს.

აშრაფის მამა და ჰეიდარის ქმარი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ორივე მამაკაცს 10 წელზე ნაკლები პატიმრობა მიუსაჯეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG