მათი აზრით, ირან-რუსეთის ურთიერთობები "ტრანსფორმაციულ" სამხედრო ალიანსში გადაიზარდა - თანამშრომლობის მჭიდრო ღერძში, რომელიც მზარდ გავლენას ახდენს საომარი მოქმედებების ტრაექტორიაზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.
21 აპრილს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე კონგრესმენების რიტორიკა იყო ისეთივე მკვეთრი, როგორც სადაზვერვო უწყებების ანგარიშები. თავის შეფასებებში მკვეთრი იყო სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას ერთიან საფრთხედ აფასებს.
"შეერთებული შტატები არ უპირისპირდება მხოლოდ ირანს, არამედ უფრო ფართო რუსეთ-ირანის ღერძს", - ამბობს უილსონი და ირწმუნება, რომ მოსკოვმა და თეირანმა კოორდინირებული ფრონტი შექმნეს, რომელიც მოიცავს შეიარაღებისა და სადაზვერვო მონაცემების გაცვლას, ასევე ცოდნის გაზიარებას სანქციებისთვის გვერდის ავლის ტაქტიკებზე და ერთიან ძალისხმევას ამერიკის გლობალური ლიდერობისთვის ძირის გამოსათხრელად.
"ტრანსფორმაციული" პარტნიორობა
რუსეთსა და ირანს შორის სწრაფად მზარდ კავშირებს დასავლელი დამკვირვებლები და ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ.
ვაშინგტონში მოქმედი "დემოკრატიების დაცვის ფონდის" ირანის პროგრამის დირექტორი ბეჰნამ ბენ ტალებლუ რუსეთ-ირანის ურთიერთობების ტრაექტორიას აღწერს, როგორც გზას "ტურბულენტურიდან ტრანზაქციულ ურთიერთობამდე და ტრანზაქციულიდან ტრანსფორმაციულ სამხედრო კავშირამდე".
ამ ცვლილების მთავარი კატალიზატორი კი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა.
რუსეთი ირანს აძლევს რჩევებს, თუ რა რაოდენობის დრონები გამოიყენონ თითოეულ შეტევაში და რა სიმაღლეებზე აფრინონ უპილოტო აპარატები
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-ირანის მჭიდრო თანამშრომლობა პოსტსაბჭოთა პერიოდიდან იწყება - რაც რუსეთის მიერ ირანისთვის შეიარაღების მიყიდვითა და ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით დაიწყო - უკრაინის ომმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში დინამიკა ამოაყირავა. ოდესღაც "უმცროსი პარტნიორი" ირანი დიდი დანაკარგებითა და შეიარაღების დანაკლისით დასუსტებული რუსეთის არმიისთვის "შეუცვლელი პარტნიორი" გახდა.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ილან ბერმანის თქმით, 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის საჰაერო კამპანიის დაწყების მომენტიდან, რუსეთი ირანს აქტიურ მატერიალურ დახმარებას აწვდის.
"რუსეთი ირანს აძლევს რჩევებს, თუ რა რაოდენობის დრონები გამოიყენონ თითოეულ შეტევაში და რა სიმაღლეებზე აფრინონ უპილოტო აპარატები", - ამბობს ბერმანი და დასძენს, რომ ირანის მიერ განხორციელებული დრონების შეტევები სულ უფრო მეტად იმეორებს რუსეთის ტაქტიკას, რომელშიც "მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატვირთად ასეულობით დრონს უშვებენ, რასაც ზუსტი სარაკეტო დარტყმა მოსდევს".
ამ "ინტელექტუალურ დახმარებას" თან ახლავს რუსეთის მიერ მოდერნიზებული დრონების კომპონენტები, რაც აუმჯობესებს დრონების ნავიგაციას და მედეგობას რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდების მიმართ.
კოორდინაციის ადამიანური ფასი
რუსეთი ეხმარება ირანს, მიიტანოს დარტყმები ამერიკელ სამხედროებზე, უკრაინა კი გვეხმარება ამ დარტყმების მოგერიებაში
ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორის, ტომ ტილისის შეფასებით, რუსეთ-ირანის "რევიზიონისტული ღერძის" მოქმედებების შედეგები არ არის მხოლოდ სტრატეგიული და ის ლეტალურია ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
"თუ პუტინი პასუხისმგებელია 1 მოკლულ ამერიკელ სამხედროზე, ის ასევე შეიძლება პასუხისმგებელი იყოს 5 ათასზეც", - ამბობს ტილისი და ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ირანისთვის გაწეული სადაზვერვო დახმარების მნიშვნელობას.
თანამედროვე გლობალური კონფლიქტის კონტრასტზე ამახვილებს ყურადღებას როდ აილენდის სენატორი შელდონ ვაითჰაუსი - "რუსეთი ეხმარება ირანს, მიიტანოს დარტყმები ამერიკელ სამხედროებზე, უკრაინა კი გვეხმარება ამ დარტყმების მოგერიებაში".
კონგრესმენები მიუთითებენ, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია აღარ არის "მხოლოდ დახმარების მიმღები ქვეყანა", არამედ საკვანძო სამხედრო პარტნიორია, რომელიც დასავლეთს მისთვის საჭირო "თავდაცვის ინოვაციების ციკლით" უზრუნველყოფს.
როდესაც შეერთებულმა შტატებმა დრონებთან დაკავშირებით დახმარება ითხოვა, უკრაინამ 24 საათზე ნაკლებ დროში გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფი რეგიონში.
აარონ ზელინი, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, ყურადღებას ამახვილებს უკრაინის მიერ შექმნილ ე.წ. გადამჭერ დრონებზე, რაც არსებითად იმ ტაქტიკის საპასუხო ზომაა, რომელსაც რუსეთი იყენებს და რომლითაც ამჟამად ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ემუქრება.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი ზოგჯერ ჩამორჩება იმ საპასუხო ზომების გადაუდებელი აუცილებლობის ასახვით, რომლებსაც კიევი განიცდის. ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი გრეგ მერფი ყურადღებას ამახვილებს ირანის სამხედრო შესაძლებლობების ზრდის გრძელვადიან საფრთხეებზე.
"ჩვენ აღარ გვჯერა მათი ტყუილების. ვფიქრობ, რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ საბოლოოდ ვთქვით: არა, თქვენ ამას ვეღარ გააკეთებთ, რადგანაც ეს საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მერფი.
საერთო ბრძოლა
"ჰელსინკის კომისიის" სხდომის დასრულების შემდეგ შექმნილი კონსენსუსი მკაფიოდ ჩანს: ეპოქა, როდესაც ამერიკა რუსეთს განიხილავდა, როგორც პოტენციურ პარტნიორს ირანის შეკავების საქმეში, დასრულებულია, მოსკოვი და თეირანი მოკავშირეები არიან.
"დაუშვებელია კრემლი პარტნიორად მივიჩნიოთ", - ამბობს ილან ბერმანი და დასძენს, რომ წარმატება ან ჩავარდნა ერთ ფრონტზე, დიდ გავლენას მოახდენს მეორეზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის შიდა პოლიტიკა კვლავ პოლარიზებულია, რუსეთისა და ირანის ავტორიტარული კოორდინაციის საფრთხე იშვიათი ორპარტიული ერთობის წინაპირობა გახდა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის გზავნილი ადმინისტრაციისა და საზოგადოების მიმართ ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბდა: უკრაინა მიმდინარე გლობალური ბრძოლის ფრონტის ხაზია.
"უკრაინა შუბის წვერია, რუსეთმა შესაძლოა დაიწყო უკრაინით, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ შეჩერდება", - ამბობს ბერმანი.
ფორუმი