Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ


მათ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს გადასცემენ - გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.
მათ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს გადასცემენ - გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.

ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ. ამასთან, „დაგვიანებით“ გადასცემენ ამავე ორდენს ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს (ამჟამად თბილისის მერს) და ყოფილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.

„ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის [ხვიჩა კვარაცხელია] გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, „პრეზიდენტი [მიხეილ ყაველაშვილი] მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს კიდევ ორი სპორტსმენი - კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია, - რომელთაც „უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო“.

„მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა მან.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ადამიანს ენიჭება საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ორდენი 2004 წელს შემოიღეს, პირველი ორდენი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს (უმცროსს), 2005 წლის 10 მაისს გადასცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

  • კახა კალაძეს „მილანის“ შემადგენლობაში ორჯერ, 2003-04 და 2006-07 წლების სეზონებზე აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. საფეხბურთო კარიერა მან 2012 წლის მაისში დაასრულა, რის შემდეგაც პოლიტიკაში ჩაერთო და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ის ამჟამად თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია.
  • ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ შემადგენლობაში ორჯერ აქვს NBA მოგებული. ჯერჯერობით არის ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში გაუმარჯვია. ზაზა ფაჩულიამ კარიერა 2019 წელს დაასრულა და „გოლდენ სტეიტში“ კონსულტანტად დაბრუნდა. 2019 წლის აგვისტოდან ის არის დეველოპერული კომპანია „არქის“ თანამფლობელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, „არქის“ დამფუძნებელ ილია წულაიას ბიზნესპარტნიორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG