Accessibility links

კნუტ ჰამსუნის სილუეტი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, მეოცე საუკუნის დასაწყისის ყველაზე პოპულარული ავტორის, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, თამარ მეფეზე ერთადერთი ევროპული პიესის ავტორის, საქართველოს დიდი მეგობრის, სკანდალურად ცნობილი კნუტ ჰამსუნის შესახებ. სოფლის ღარიბი თერძის ოჯახში დაბადებულმა კნუდ პედერსენმა (კნუტ ჰამსუნი მისი ლიტერატურული ფსევდონიმია) მუშაობა ცხრა წლის ასაკში დაიწყო, სამუშაოს ძებნაში მოიარა მთელი მსოფლიო, მათ შორის ორგზის იმოგზაურა შეერთებულ შტატებში, გამოიცვალა ოცამდე პროფესია, წერა დაიწყო 17 წლის ასაკში. 1890 წელს ნოვატორულმა ფსიქოლოგიურმა რომანმა „შიმშილმა“ მას მსოფლიო სახელი მოუტანა. ამ და მომდევნო წლებში ჰამსუნი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული მოდერნისტი მწერალი. „შიმშილს“ მოჰყვა მისი გენიალური წიგნები: „მისტერიები“, „პანი“, „ვიქტორია“; ნობელის პრემიის მინიჭების დროს განსაკუთრებით გამოჰყვეს მისი 1917 წელს დაწერილი მონუმენტური ტილო „მიწის მადლი“. ოცდაათიანი წლებიდან ჰამსუნმა გერმანული კულტურისა და ნაცისტების მხარე დაიკავა და განსაკუთრებული სიმძაფრით დაიწყო ანგლოსაქსური კულტურის კრიტიკა. 1943 წელს გერმანიაში ვიზიტის დროს შეხვდა ჰიტლერს და მოსთხოვა ნორვეგიის ხელმძღვანელების, კვისლინგისა და ტერბოვენის ჩამოშორება, რითიც სასტიკად განარისხა ფიურერი. რატომ დაიკავა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ჰუმანურმა ავტორმა ნაცისტების მხარე, რატომ დაწერა ჰამსუნმა ჰიტლერის ნეკროლოგი მაშინ, როცა უკვე ყველა განუდგა დამარცხებულ გერმანულ ფაშიზმს, რატომ ერიდებიან ნორვეგიელები დღემდე თავისი ყველაზე დიდი მწერლის სახელის ხსენებასაც კი, რატომ მოისწრაფვოდა მოხუცი მწერალი ლევ ტოლსტოის დარად საქართველოში, რატომ უყვარდა დოსტოევსკი და არ უყვარდა ტოლსტოი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG