„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი სქემა არ არსებობდეს“
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „თეთრი სახლი ფაქტებზე დაყრდნობით დაწერდა“ ამას, კობახიძემ თქვა:
„დაწერდა? რატომ? ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით… თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია“.
მან გაიმეორა, რომ „სტანდარტული მოცემულობაა“ - მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისას ითხოვენ ფაქტებს და „შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. რეაგირებაც გვექნება“, - თქვა მან.
- თეთრის სახლის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში, - „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“, - რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფებისთვის „გვერდის ავლას“ ეხება, 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას.
- აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იმ ჩინურ საქონელს, რომელსაც აშშ-ში მაღალი ტარიფები ადევს, ჯერ ყიდიან სხვა ქვეყნებში, შემდეგ პროდუქციას წარმომავლობას უცვლიან, რის შემდეგაც საქონელი აშშ-ში ხვდება - უფრო იაფად. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
- ასეთივე ქვეყნების სიის „მსხვილ“ კატეგორიაშია ევროკავშირი, კანადა და ისრაელი. სრულ სიაში, საქართველოსთან ერთად, არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიც - ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი.
- 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს $1.98 მილიარდის ღირებულების პროდუქცია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში მხოლოდ ამის 6%, ანუ $120 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანეს.
ფორუმი