Accessibility links

logo-print logo-print

მილიონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდან


პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გარეშე დაიწყო. პირველ პლენარულ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტია ესწრებოდა. "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევიდოდა, მიზეზი კი ის მილიონობით ლარი გახდებოდა, რომელიც მათ წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯეს.

სწორედ მილიონიანი ქონებაა ის ერთ-ერთი საერთო ნიშანი, რაც პარლამენტში შესული "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ. 12 დეკემბრის მასალაში - მილიონერი პარლამენტარები "ქართული ოცნებიდან" - რადიო თავისუფლება მმართველი პარტიის 14 მილიონერ დეპუტატზე წერდა, ახლა კი ოპოზიციონერი მილიონერების შესახებ. ასეთი სულ 9 დეპუტატია.

ყველაზე მეტი მილიონერი "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკშია (კახაბერ ოქრუაშვილი, კობა ნაყოფია, მანუჩარ კვირკველია, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი). სხვა პარტიებში მილიონერები ასე გადანაწილდნენ: "ლელო" - 2 (ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე); "ევროპული საქართველო" - 1 (არმაზ ახვლედიანი); "პატრიოტთა ალიანსი" - 1 (ავთანდილ ენუქიძე). "გირჩის", "მოქალაქეებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" სიით მილიონერები დეპუტატები არ გამხდარან.

"ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია"

ნატო ჩხეიძე

ყოფილ და მე-10 მოწვევის პარლამენტში ხელახლა არჩეულ დეპუტატს, ნატო ჩხეიძესა და მის ქმარს, ზაზა ოქუაშვილს რამდენიმე მილიონის ქონება და ფინანსური დანაზოგი აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება ლონდონში (170 კვ.მ) პოლიტიკოსის ქმარზეა რეგისტრირებული.

  • ნატო ჩხეიძის სახელზეა რეგისტრირებული ბინა და ავტოფარეხები თბილისში საირმის ქუჩასა (170 კვ.მ და 30 კვ.მ) და ჭავჭავაძის გამზირზე (428 კვ.მ და 40 კვ.მ). მის სახელზე ფიქსირდება მიწა წყნეთში (1 203 კვ.მ) და არასაცხოვრებელი ფართი (603 კვ.მ) და რამდენიმე მიწის ნაკვეთი გორის რაიონსა და სოფელ დიღომში (4 200 კვ.მ).
  • ნატო ჩხეიძეს ეკუთვნის 160 ფერწერული ტილო, მის ქმარს კი ორი მანქანა (BMW M5 და BMW X4).
  • ზაზა ოქუაშვილი ფლობს პანამაში 20 000 დოლარის (65,6 ათასი ლარი) აქციას და შვეიცარიაში 5 მლნ დოლარის ობლიგაციებს (16,4 მლნ ლარი).
  • გარდა ამისა, მათ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება 57 ათასი ფუნტი (251 ათასი ლარი), 122 ათასი დოლარი (400 ათასი ლარი), 113 ათასი ევრო (450 ათასი ლარი) და 30,8 ათასი ლარი.
  • ცოლ-ქმარი ნაღდი ფულის სახით 45 ათას ფუნტსა (198 ათასი ლარი) და 37 ათას ლარს ინახავს.

მანუჩარ კვირკველია

კვირკველია პოლიტიკაში სპორტიდან დიდი ქონებით მივიდა. მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ბინა ყიფშიძის ქუჩაზე (211 კვ.მ), მიწის ნაკვეთები ნუცუბიძის ფერდობზე (600 კვ.მ), ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარედ (4 300 კვ.მ) და შეკვეთილში (700 კვ.მ). გარდა ამისა, მას ეკუთვნის კომერციული ფართის, მიწებისა და სარდაფების ნაწილი.

კვირკველია დეკლარაციაში უთითებს, რომ 20-ათასლარიანზე ძვირი ქონება აქვს (საათი Rolex, ტელეფონი Vertu, Toyota Land Cruiser LC 200 და Range Rover Evoque). მისი ცოლი ფლობს საათ Chopard-ს, შვილის სახელზე კი რეგისტრირებულია BMW 650 I Coupe.

კვირკველიას საბანკო ანგარიშზე აქვს 7 ათასი დოლარი (23 ათასი ლარი), მის ცოლს კი 9,4 ათასი დოლარი (30,8 ათასი ლარი).

გარდა ამისა, მას ნაღდი ფულის სახით აქვს 300 ათასი ლარი, 35 ათასი დოლარი (114,8 ათასი ლარი) და 12 ათასი ევრო (47,8 ათასი ლარი), მის ცოლს კი - 150 ათასი ლარი.

კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მათ შორის, 2012 წელს ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის პარტიას შეუერთდა. "ქართულ ოცნებასთან" უთანხმოება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მოუვიდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს. ამის შემდეგ ოქრიაშვილმა პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დააფუძნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრის კენჭს.

  • მას ეკუთვნის ფარმაცევტული კომპანია "პსპ"-ს 95 პროცენტი, ხოლო მის ცოლს - ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პის" 100 პროცენტი.
  • დეპუტატს ეკუთვნის 9 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი წავკისში (677 კვ.მ) და ორი ბინა დმანისში, მისი ცოლი კი ფლობს არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე (276 კვ.მ) და ბინას ჯანაშიას ქუჩაზე (94 კვ.მ).
  • ოქრიაშვილს ჰყავს სამი მანქანა (Toyota Land Cruiser LC 200, Toyota Hilux და BMW X5 Xdriv E501), მის ცოლს კი ავეჯის კომპლექტი ეკუთვნის, რომლის ფასიც 20 ათას ლარს აღემატება.
  • დეპუტატს ეკუთვნის სს "პსპ დაზღვევის" 22 450 000 ლარის ღირებულების აქციები და სს "ელექტრონიკა 94"-ის 21 624 დოლარის აქციები.
  • ცოლ-ქმარს ნაღდი ფულის სახით აქვთ: 3,5 მილიონი დოლარი (11,48 მლნ ლარი) და 3,2 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, მათ ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი აქვთ საბანკო ანგარიშებზე.

ცეზარ ჩოჩელი

ცეზარ ჩოჩელიც კახა ოქრიაშვილის თანაპარტიელი და ბიზნესმენია. უძრავი ქონება მხოლოდ მისი ცოლის სახელზე ფიქსირდება - სოფელ დიღომში საცხოვრებელი სახლი (1 600 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (7 841 კვ.მ). გარდა ამისა, ბინა ტაშკენტის ქუჩაზე (180 კვ.მ).

ცოლ-ქმარს ჰყავს მანქანები - Lexus LX570 და Toyota Rav 4. სვეტლანა ჩოჩელს ეკუთვნის სს კედარის 31 270 დოლარის (102,6 ათასი ლარი) ღირებულების აქციები.

გარდა ამისა, ცოლ-ქმარს საბანკო ანგარიშზე აქვთ: 217,4 ათასი დოლარი (713 ათასი ლარი), 205,6 ათასი ევრო (818,4 ათასი ლარი) და 50,8 ათასი ლარი.

კობა ნაყოფია

კობა ნაყოფიას აქვთ 4 ბინა, მათ შორის, 2 თბილისში (რამიშვილის ქუჩაზე - 198 კვ.მ და ჭავჭავაძის გამზირზე - 223 კვ.მ), 1 მოსკოვში (72,6 კვ.მ) და 1 - კანარის კუნძულებზე (300 კვ.მ). გარდა ამისა, აქვს ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთი (836 კვ.მ) და მშენებარე სახლი (400 კვ.მ), ავტოფარეხი თბილისში, ჭავჭავაძეზე და გალში მემკვიდრეობით მიღებული ქონება.

მემკვიდრეობის გარდა, მისი უძრავი ქონების ფასი, ყიდვის მომენტისთვის, წლების წინ 976 ათასი დოლარი (3,2 მლნ ლარი) იყო.

მას ეკუთვნის 95 ათას ევროდ (378,1 ათასი ლარი) ნაყიდი Mercedes Benz GL 500 და ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო (5 ათასი დოლარი - 16,4 ათასი ლარი).

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ნაყოფიას ნაღდი ფულის სახით 10 ათასი ლარი ჰქონდა, ბანკში კი 13,9 ათასი დოლარი (45,7 ათასი ლარი) და 83,5 ათასი ლარი.

"ლელო"

მამუკა ხაზარაძე

თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი და პოლიტიკაში ახალბედა მამუკა ხაზარაძე რამდენიმე 10-ეული მილიონის მფლობელია. მას ეკუთვნის ბინა თბილისსა და დუშეთში. გარდა ამისა, 3 მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი ფართით თბილისში, ციხისძირში კი - 9.

13 მიწის ნაკვეთი ციხისძირსა და ლისის ტბის მიმდებარედ, გარდა ამისა, 2 მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ, რომლის თანამესაკუთრე მისი თანაპარტიელი, მილიონერი ბადრი ჯაფარიძეა.

მამუკა ხაზარაძეს ორი მანქანა ჰყავს, მის ორ შვილს კი თითო-თითო. ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე ათეული მილიონია დარიცხული. ნაღდი ფულის სახით მის ერთ შვილის 550 ათასი დოლარი აქვს, მეორეს კი 420 ათასი.

მამუკა ხაზარაძე 30 კომპანიის პარტნიორია, მისი შვილები კი 9-ის.

ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ბადრი ჯაფარიძეც რამდენიმე 10-ეული მილიონის მფლობელია. გარდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებისა (რომელთა ნაწილის თანამესაკუთრე მამუკა ხაზარაძეა), აქვს მიწის ნაკვეთები ონის რაიონში, თბილისში - უნივერსიტეტის ქუჩაზე, ციხისძირში.

მისი ოჯახის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით: დიდ ბრიტანეთში, თბილისსა (2) და ციხისძირში (5). ოჯახში ოთხი მანქანა ჰყავთ (Volkswagen Amarok, Toyota RAV4, Toyota Land Cruiser 200 და BMW 320i).

ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 15-მდე კომპანიის აქციონერები და 20-მდე კომპანიის პარტნიორები არიან.

"ევროპული საქართველო" ​

არმაზ ახვლედიანი

ახვლედიანს ეკუთვნის მიწის ნაკვეთები კოჯორში (1 538 კვ.მ), თეთრიწყაროს რაიონში (1 180 კვ.მ), მახინჯაურში (2 123 კვ.მ) და საცხოვრებელი ბინები: ბახმაროში (მიწა - 140 კვ.მ, შენობა - 131,5 კვ.მ), ბათუმში (156,4 კვ.მ) და თბილისში (214,6 კვ.მ). გარდა ამისა, მას ეკუთვნის Toyota Landcruiser 105 (45 ათასი ლარი).

მის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა 407 ათასი დოლარი (1,3 მლნ ლარი) და 171,3 ათასი ლარი.

"პატრიოტთა ალიანსი" ​

ავთანდილ ენუქიძე

ავთანდილ ენუქიძეს ეკუთვნის 4 საცხოვრებელი სახლი: 2 თბილისში (დიღომი: მიწა - 1 200 კვ.მ, სახლი - 390 კვ.მ; ნუცუბიძის ფერდობი: მიწა 650 კვ.მ, სახლი - 420 კვ.მ), მცხეთის რაიონში, სოფელ წიწამურში (მიწა - 4 000 კვ.მ, სახლები ჯამში 650 კვ.მ) და ამბროლაურის რაიონში (მიწა - 1 400 კვ.მ, სახლი 280 კვ.მ).

გარდა ამისა, მას ეკუთვნის კომერციული ფართი თბილისში (გულიას მოედანი - 481 კვ.მ), 3 მიწის ნაკვეთი (წყნეთში 1 800 კვ.მ; მცხეთა - 7 000 კვ.მ; ამბროლაურის რაიონი 28 000 კვ.მ) მის ცოლს კი ოზურგეთში 3 500 კვ.მ მიწა 200 კვ.მ სახლით.

მისი ქონების ჩამონათვალში მოხვდა 4 მანქანა და მშობლებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ოქროს ნივთები.

დეპუტატს საბანკო ანგარიშზე აქვს 92 ათასი ევრო (366,2 ათასი ლარი, მის ცოლს კი 45 ათასი ლარი. გარდა ამისა, მას ნაღდი ფულის სახით აქვს 420 ათასი ევრო (1,67 მლნ ლარი), მის ცოლს კი 33 ათასი დოლარი (108 ათასი ლარი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG