ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსეი შევცოვმა განაცხადა.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელების შეთავაზება და ამას ვაკეთებთ კიდეც ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირები მარტივი ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“, – განაცხადა შევცოვმა, „ინტერფაქსის“ ცნობით, ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
შევცოვმა საქართველოზე განცხადება 2025 წელსაც გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გამონახა შესაძლებლობა და ძალა, წინააღმდეგობა გაეწია ტრადიციულ წეს-წყობილებაზე შეტევისა და კავკასიელი ხალხებისთვის უცხო ფსევდოღირებულებების დანერგვის მცდელობისთვის“.
- მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებდა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს საგარეო კურსის ოფიციალურ ცვლილებად შეაფასეს, რუსეთი თბილისს ხშირად აქებს, განსაკუთრებით კი „დასავლეთიდან მომდინარე დესტრუქციული გავლენებისადმი წინააღმდეგობისთვის“.
- ამასთან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირები გააქტიურდა, რასაც მოსკოვში ხშირად უსვამენ ხაზს.
- მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების „აღდგენის სარგებელზე დაფიქრებისკენ“ არცთუ იშვიათად მოუწოდებს. თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოწადინებულია საქართველოსთან „ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაფართოებისკენ".
ფორუმი