Accessibility links

ნატო და საქართველო შავ ზღვაზე


„შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც და საქართველოსთვისაც. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოწმენი ვართ რუსეთის მნიშვნელოვანი გაძლიერებისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 25 მარტს, თბილისში სტუმრობისას და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ ნატო საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო ლაპარაკი. 2016 წელს ვარშავის სამიტმა, რომელზეც ნატო შეთანხმდა შავ ზღვაზე გააქტიურებულიყო, გააჩინა მოლოდინი, რომ ალიანსის როლის გაზრდის შედეგად ნაკლებად დომინანტური გახდებოდა რუსეთის პოზიცია. ალიანსმა სწორედ ამ გზით დაგეგმა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაპირისპირება.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ ითქვა ისიც, რომ „საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნებოდა ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად“.

შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურების ერთ-ერთი ბიძგი იყო 2018 წლის ნოემბრის მიწურული, როდესაც ქერჩის სრუტეში, რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჯერ ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა უკრაინის სამი სამხედრო გემი და 24 მეზღვაური. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ გემები შევიდნენ მის ტერიტორიულ წყლებში, ყირიმის მახლობლად. ყირიმისა, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა.

აზოვის ზღვის ინციდენტიდან მალევე ნატომ უკრაინის საზღვაო ფლოტს დახმარება აღუთქვა და შავი ზღვის აკვატორიისკენ ამერიკული გემი გაუშვა.

სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა 25 მარტს თბილისში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა, როდესაც ის შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურებაზე ლაპარაკობდა და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს ჩართულობასაც:

„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის აგრესიული მოქმედება უკრაინის გემების წინააღმდეგ, ქერჩის სრუტესთან. ნატომ გაზარდა ყოფნა შავ ზღვაში და საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ. ნატოს ჰყავს მეტი გემი და მეტი თვითმფრინავი ამ რეგიონში და აგრეთვე მეტი ძალა ხმელეთზე, მაგალითად, რუმინეთში, მაგრამ აგრეთვე ვაქტიურობთ რეგიონში ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის მხრივაც, როგორიც საქართველოა. ახლა შავ ზღვაში ნატოს ორი გემია - ერთი ბრიტანეთისა და ერთი საფრანგეთის. რამდენიმე დღის წინ ნატოს რამდენიმე გემი, ნატოს სამხედრო- საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ წვრთნაში - „პოსეიდონი“, რომელიც იყო ნაღმსაწინააღმდეგო წვრთნა. ნატოს შავ ზღვაში ჰყავს სამი ქვეყანა - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ეს ყველაფერი ზრდის ნატოს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ არანაკლები თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც ამ რეგიონში ვხედავთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგი.

ანალიტიკოსები პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები იძლევა რეალური ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოს გარეშე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი არ განიხილება. მათ შორისა „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტორად აფასებს საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების მისიაში:

„საქართველოს სანაპირო ზოლის 60-65% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდა მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსია გამოაცხადა. ანუ, რუსეთი ცდილობს, რომ წარმოადგინოს შავი ზღვის აკვატორია, როგორც საკუთარი გავლენის სფერო. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთადერთი დასაყრდენი, რომ ამ პოლიტიკას შევეწინააღმდეგოთ, არის ნატო და ნებისმიერი აქტიურობა და ამ რეგიონში ნატოს ნებისმიერი გაძლიერება საქართველოს ჩართულობით, არის უმნიშვნელოვანესი და ამას ალტერნატივა არ აქვს. ნატომ უნდა იგრძნობს, რომ საქართველოში მას ჰყავს მყარი, საიმედო პარტნიორი“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად იქნება საქართველო ინტეგრირებული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ნატო შავი ზღვის რეგიონში ატარებს, მით უფრო მყარი იქნება საქართველოს უსაფრთხოება შავი ზღვის აკვატორიაში.

როდესაც საქმე ეხება საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში, ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შავი ზღვის სანაპირო დაცვის გაძლიერება, ერთობლივი წვრთნების ჩატარება და ანაკლიის პორტის განვითარება, რათა პორტმა მიიღოს ის სამხედრო გემები, რომელთა მიღებაც ფოთისა და ბათუმის პორტებს არ შეუძლიათ.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის“, - ასე გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.

ის, რომ საქართველო ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერებულ ჩართულობას, ამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა:

“უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ნატოს განსაკუთრებით აშფოთებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, კრიზისი, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვის ზღვაში. ყოველივე ეს აშკარას ხდის რუსეთის სტრატეგიას: გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რეგიონის სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია დააშინოს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და ე.წ. გავლენის სფეროები ევროპაში” - განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის თქმითაც, საქართველო მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG