Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოს კაზანძაკისი, "ალექსის ზორბასის ცხოვრება"


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“), გთავაზობთ საუბარს შესანიშნავი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის, რომანზე, „ალექსის ზორბასის ცხოვრება“. ეს დიდი მწერალი 1957 წელს გარდაიცვალა. სწორედ ამ წელს მან მხოლოდ ერთი ხმით დაუთმო ალბერ კამიუს ნობელის პრემია, რომელზეც უკვე მეცხრედ იყო წარდგენილი. ბევრ დამსახურებასთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ეს მწერალი თავის სამშობლოს საკუთარ თავს უბრუნებდა, ახალ საბერძნეთს ძველი საბერძნეთით ასაჩუქრებდა – ხან ახალ „ოდისეას“ წერდა, ხან ძველი ბერძნული ენიდან თარგმნიდა „ილიადას“, ხანაც ანტიკურობა პერსონიფიცირებულად შემოჰყავდა ახალ დროში. კაზანძაკისის საფლავის ქვას აწერია „არაფრის მეშინია, არაფრის იმედი არ მაქვს, ვარ თავისუფალი“. სწორედ თავისუფლებაა მისი მწერლობის მთავარი ღირებულება. თავისუფალი ბერძნული სული მან პერსონიფიცირებულად წარმოადგინა „ალექსის ზორბასის ცხოვრებაში“. თანამედროვე ცხოვრებაში, რომელსაც ინგლისურ-ბერძნული წარმოშობის განათლებული მთხრობელი წარმოადგენს ამ რომანში, შემოიჭრება სოფოკლესა და არისტოფანეს ანტიკური სული, აბსოლუტურად გაუტეხელი, თავისუფალი და დიდსულოვანი ზორბასის სახით. ვინ იყო მაკედონიაში დაბადებული ალექსის ზორბასი, რატომ იცეკვა მან სამი წლის ვაჟის დაკარგვის შემდეგ, როგორ მოჰყავდა მას ცოლები რუსეთში, რატომ იწვევდა მწვანე ქვის სანახავად მეგობარს ბერლინში; როგორ გაუჩნდა მას მორების დასაცურებელი საბაგიროს გრანდიოზული იდეა, რომელიც კრახით დასრულდა; როგორ შეიძლება ეკლესიისა და წმინდა მამების დაშანტაჟება; როგორ დახარჯა ზორბასმა მოწყობილობისთვის საჭირო ფული ბორდელებსა და რესტორნებში, – ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG