Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება


ირაკლი კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილამდე იკავებდა ამ პოსტს, კვლავ პარტიის თავმჯდომარე გახდა.
ირაკლი კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილამდე იკავებდა ამ პოსტს, კვლავ პარტიის თავმჯდომარე გახდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ გამართულ პირველ ყრილობაზე პარტიამ თავმჯდომარედ კვლავ აირჩია ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ პოსტს 2024 წლის 1 თებერვლამდე იკავებდა. 7 მაისს გამართულ ყრილობაზე დაამტკიცეს მცირედით შეცვლილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააცნო დამსწრეებს. სხვა კანდიდატი არ ყოფილა. ყრილობამ ის ერთხმად დაამტკიცა.

პარტიული ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „პარაგრაფში“, რომლის გარშემოც პერიმეტრს პოლიცია იცავს. მოქალაქეთა მცირე ჯგუფი აქციას მართავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს „ყველა დამსახურებისთვის გუნდისა და ქვეყნის წინაშე“.

2024 წლის 1 თებერვალი: ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე ეხვევა წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს.
2024 წლის 1 თებერვალი: ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე ეხვევა წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს.

კობახიძემ „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს „ქართული საქმის კეთებისთვის“.

მან ასევე თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიას სამზადისი დაწყებული აქვს და რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია.

„პარტია სრულად იქნება მობილიზებული მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის“, - თქვა მან.

ჯერ უცნობია, სხვა რომელიმე მსხვილი პარტია, - რომლებიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და უნდობლობას უცხადებენ მისი ხელისუფლების პირობებში დაკომპლექტებულ ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს, - მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

„ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავაბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას.ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე დაასახელა პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა:

  1. ბიძინა ივანიშვილი - საპატიო თავმჯდომარე
  2. კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი
  3. შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე
  4. მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის ლიდერი
  5. გიორგი ვოლსკი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  6. თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი
  7. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  8. ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი
  9. მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი
  10. ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
  11. მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
  12. დიმიტრი სამხარაძე - „ოცნების“ რეგიონული მდივანი
  13. სულხან თამაზაშვილი - აჭარის მთავრობის მეთაური
  14. ნინო წილოსანი - პარლამენტის წევრი
  • ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკა 26 აპრილს დატოვა.
  • ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც 2024 წლის 1 თებერვალს ირაკლი კობახიძესთან როლი გაცვალა - კობახიძე პრემიერი გახდა, ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარე.
  • ეს მოხდა პოლიტიკაში მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის ხელმეორე ოფიციალური შემობრუნების შემდეგ. ივანიშვილი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა.

ამას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდში ცვლილებები - სუს-ის უფროსის გადადგომა, აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლა და ა.შ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG