„მიზანი არის არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ მიზანი არის საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთინტერესებზე. ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა არის ინდიკატორი, რომელიც ჩვენ ყველაზე ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ. ასე რომ, სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეს ხომ ეპითეტისთვის არ გვჭირდა, სინამდვილეში გარკვეულწილად ეპითეტის დონეზე იყო მანამდე, რადგან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო...“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან დააკნინა 2009 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2024 წლის 30 ნოემბერს.
„სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოეწერა 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ და ეს იყო „დამამშვიდებელი პრიზი“ მიხეილ სააკაშვილისთვის მაშინ, წაგებული ომის შემდეგ, რომ „აი, სამაგიეროდ, სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან“... - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია.
მისი სიტყვებით, ხელისუფლებას მოლოდინი ჰქონდა, რომ ურთიერთობები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში მალევე აღდგებოდა.
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომ ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთანავე იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ისიც ვნახეთ, რომ სხვადასხვა კრიზისები განვითარდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო - ვნახოთ, როგორ იქნება... დამოკიდებულია აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე. ჩვენი მხრიდან მზაობა 1,5 წელია გაცხადებული გვაქვს“, - აღნიშნა მან.
საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში.
ფორუმი