Accessibility links

პარალელი: ვაჟა და სოფოკლე. I გადაცემა


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „პარალელი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებზე, ქართველ ვაჟა-ფშაველასა და ბერძენ სოფოკლეზე, კერძოდ კი – ვაჟას „სტუმარ-მასპინძელსა“ და სოფოკლეს „ანტიგონეზე“. ჩვეულებრივ, როდესაც ვაჟას ამ პოემაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ კოლიზიას კანონებს შორის, კერძოდ, სტუმარმასპინძლობისა და სისხლის აღების კანონებს შორის. ასევე ტრადიციულად, როდესაც „ანტიგონეზე“ საუბრობენ, აქცენტი გადადის ე.წ. დაწერილ და დაუწერელ კანონებს შორის კონფლიქტზე, კერძოდ, ადამიანურ („დაწერილ“) და ღვთაებრივ („დაუწერელ“) კანონებს შორის კონფლიქტზე. ხშირად ამბობენ, რომ კანონები თანასწორია და ვაჟასთანაც და სოფოკლესთანაც გვაქვს ორი სიმართლის შეჯახება, ორი თანაბარი კანონის დაპირისპირება და სწორედ ეს არის ტრაგედია; მაგრამ ეს არ არის სიმართლე, ორი კანონი თანასწორი არ არის, კანონებს შორის არსებობს იერარქია, თემი და ჯოყოლა, კრეონი და ანტიგონე, – ყველა მართალი არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჯოყოლა და ანტიგონე უფრო მართლები არიან. რატომ დგას სტუმარმასპინძლობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა; რას ამბობს კანონთა ამ იერარქიის შესახებ ჩრდილოკავკასიური ეთიკური კოდექსი; რატომ დგას ძმის დაკრძალვის აქტი მის დაუკრძალველობის კანონზე მაღლა; რატომ დგას თემი, რომელიც თავის ძალმოსილებაში დარწმუნებულია, განსაცდელის წინაშე; რატომ დგას მეფე, რომელსაც თავი შეუმცდარი ჰგონია, კატასტროფის წინაშე; კიდევ რა აერთიანებს ერთმანეთისგან ოცდაოთხი საუკუნით დაშორებულ გენიოსებს, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი პირველ გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG