„პენ-საქართველოს შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირიდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ - სრულიად აშკარად - ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას“, - წერია 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - აცხადებს პენ საქართველო.
- მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც „4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - იმ არგუმენტით, რომ „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლება“.
- თუმცა პენიტენციურ კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს.
- ლაშა ბუღაძე არის ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევიდა; გარდა ამისა, ყოფილა არაერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ციხის თანამშრომლები, ზემდგომებთან კონსულტაციის შემდგომ, სხვადასხვა სახის ლიტერატურის პატიმრებისთვის გადაცემაზე უარს ამბობენ.
- რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროშიც და მის დაქვემდებარებულ უწყებაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც იკითხა, რატომ არ მივიდა რომანი "დამკვირვებელი" ადრესატამდე, რა ნიშნით ჩაითვალა ეს მხატვრული ტექსტი პოლიტიკურად და ვინ მიიღო მის შეგზავნაზე უარის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.
რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნების შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ სამართლებრივ ნაბიჯებს იწყებენ:
„ვიწყებთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, იწყება თუ არა ლიტერატურის ცენზურა ციხესა და სასამართლოში. ჯერ წერილობით მოვითხოვთ დასაბუთებულ უარს“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
ფორუმი