Accessibility links

site logo site logo

პერსონაჟი: ენეასი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს რომაული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი შედევრის, პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდის“ მთავარ პერსონაჟზე, ენეასზე. სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთმა აფროდიტემ ზევსს მოკვდავი ქალი შეაყვარა. ზევსმა სანაცვლოდ მოკვდავი კაცი, ტროის დამფუძნებელ ილოსის შთამომავალი, ტროის მეფე პრიამოსის ბიძაშვილი, ანქისესი შეაყვარა აფროდიტეს. ამ სიყვარულის პირმშო იყო დარდანელი გმირი ენეასი, რომელსაც უმღერა ჰომეროსმა „ილიადაში“ და უცნობმა ავტორმა აფროდიტესადმი მიძღვნილ ე.წ. „ჰომეროსის ჰიმნში“. ენეასი, რომელიც მეორე თანრიგის პერსონაჟია ჰომეროსთან, მთავარი გმირია რომაულ პოეზიაში. მოკვდავი ანქისესისა და უკვდავი ვენუსის ვაჟი ვერგილიუსთან რომაული სახელმწიფოს დამფუძნებლად და იულიუსების დინასტიის მამამთავრად იწოდება. სწორედ ამიტომ მის ჰომეროსისეულ ეპითეტებს: „დიდსულოვანს“, „დიადს“, „გმირსა“ და „კეთილს“ ემატება ვერგილიუსისეული „ღვთისნიერი“ (pius) და „მამა“ (pater). სამაგალითო შვილი, სამაგალითო მამა, რომის სამეფოს, რესპუბლიკისა და იმპერიის მამამთავარი ვერგილიუსთან ატარებს ხასიათის ნიშნებს, რომელიც მკრთალად იკითხებოდა ჰომეროსთან. ვერგილიუსის ენეასს ახასიათებს ფსიქოლოგიზმი, შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი ფსიქოლოგიური პორტრეტია მსოფლიო ლიტერატურაში. რითი ჰგავს ენეასი „ილიადის“ გმირებს, მაგალითად, აქილევსს და რითი არ ჰგავს სხვა გმირს, მაგალითად, ოდისევსს, რომლის ბედისწერასაც იგი აშკარად იმეორებს; რა განსხვავებაა ოდისევსისეულ ჰადესის სტუმრობასა და ენეასის ორკუსში მოგზაურობას შორის; რატომ ჩაანაცვლა უკვდავი ნიმფების, კალიფსოსა და კირკეს სახეები ვერგილიუსმა ფინიკიელი ქალით, კართაგენის დამაარსებელი დიდოთი; როგორი იყო ენეასის იტალიური შთამომავლობის ბედი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG