Accessibility links

logo-print logo-print

პერსონაჟი: კვაზიმოდო


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი შედევრის, ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კვაზიმოდოს, შესახებ. ეს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი რთული პერსონაჟია. რა თქმა უნდა, იგი რომანტიზმის წიაღში დაიბადა, ფიზიკურად მახინჯი, კვაზი-ადამიანი, თითქმის ადამიანი სინამდვილეში სულიერი მშვენიერების, თავდადებისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცევა. დიდი რომანტიკული იდეა, გამოხატული ჩვენი გენიოსის სიტყვებით „სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების“ ვიქტორ ჰიუგოს რომანში ფაქტობრივად არის რეალიზებული. საშინელ არსებას, რომელიც პაკეტ შანტფლერს მშვენიერი ბავშვის ნაცვლად მიუგდეს, კვაზიმოდო დაერქვა, რადგან იგი აღდგომის მეორე კვირას იშვილეს, ხოლო ამ დღეს კათოლიკეები „კვაზიმოდო კვირას“ (ჩვენებური „თომას კვირა“) უწოდებენ, რადგან ასე იწყება იმ დღის ქადაგება: Quasi modo… მან მხოლოდ ორი სიყვარული იცოდა, ადამიანისა და ტაძრის სიყვარული და სწორედ აქ შემოიჭრა ყოვლის დამანგრეველი მესამე სიყვარული იმ არსების მიმართ, რომელმაც გაროზგილსა და ყველას მიერ სასაცილოდ აგდებულს წყალი მიაწოდა. კვაზიმოდოს სიყვარულით ესმერალდასადმი მსოფლიო კულტურაში გაიხსნა ურჩხულისა და ლამაზმანის თემა, რომელსაც უამრავი მიმდევარი გამოუჩნდება. რა არის სილამაზე; რა განსხვავებაა ფებუს შატოპერის სხეულის წარმავალ და კვაზიმოდოს სულის წარუვალ მშვენიერებას შორის; რატომ ადიან ტურისტები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იმ ქონგურზე, საიდანაც კვაზიმოდომ თავისი აღმზრდელი, კლოდ ფროლო ჩამოაგდო; მოჩანს თუ არა იქიდან გრევის მოედანი, სადაც ესმერალდა ჩამოახრჩვეს, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG