Accessibility links

პუტინის "სამუდამო" მმართველობა 4 ივლისიდან კანონდება


4 ივლისიდან ძალაში შედის რუსეთში საპრეზიდენტო ვადების „განულებასთან“ და სხვა საკითხებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ეხსნება გზა - კიდევ 16 წლით დარჩეს ხელისუფლების სათავეში, თუკი მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საპრეზიდენტო არჩევნებში.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შესაბამის დეკრეტს ხელი პარასკევს თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. მისი თქმით, საყოველთაო კენჭისყრამ „საკვანძო საკითხების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციის მაღალი დონე“ გამოავლინა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები პარასკევს გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით:

  • საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 77,92%-მა (57 747 288 ადამიანი);
  • წინააღმდეგ წავიდა - 21,27%;
  • კენჭისყრაში მონაწილეობდა რუსეთის სრულწლოვანი მოქალაქეების დაახლოებით 68%.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ და დრო ითხოვა ქვეყნის გასაძლიერებლად.

პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი დრო არ გასულა და თანამედროვე რუსეთი ჯერ ისევ ფორმირების სტადიაშია. „ჩვენ შიდა სტაბილურობა და დრო გვჭირდება ქვეყნისა და მისი ყველა ინსტიტუტის გასაძლიერებლად“ - რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს "ტასი" ავრცელებს.

ოფიციალური პირები კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ პროვოკაციებსა და არეულობის მცდელობაზე ლაპარაკობენ. ხოლო დამოუკიდებელი მეთვალყურეები და ოპონენტები ირწმუნებიან, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა როგორც დარღვევებით, ასევე პირდაპირი გაყალბებით. საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს, გამოძიებულ იქნას დარღვევის ფაქტები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში 200-მდე ცვლილება შევიდა. კრემლმა განაცხადა, რომ შესწორებები საჭირო იყო ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ოპონენტები კი თვლიან, რომ ეს დემოკრატიის მარცხი და პირადად ვლადიმირ პუტინის განზრახვა - ძალაუფლება მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოს.

კენჭისყრის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა - 25 ივნისიდან 1 ივლისამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG