Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომაა უკრაინაში ომი „ახალი შანსი“ რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის?


ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ. 2022 წლის აგვისტო
ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ. 2022 წლის აგვისტო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ომმა ამ ხნის განმავლობაში უკვე საკმაოდ მძლავრად შეარყია ვლადიმირ პუტინის მიერ, თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შედუღაბებული ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემა. ისევე როგორ რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში მოხდა, ცენტრში ძალაუფლების შესუსტებას ამჯერადაც თან ახლავს ხელისუფლების მიერ ჩახშობილი სეპარატისტული განწყობების გააქტიურება.

რუსეთში უკვე იმაზეც დაიწყეს ფიქრი, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ფედერალურ სახელმწიფოსათვის უკრაინაში მარცხის შემთხვევაში.

„ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთის ფედერალიზმის დანგრევა არის რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომელიც ჩვენ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში არ მოგვცემს მოსვენებას“, - განაცხადა რუსმა ანალიტიკოსმა, დმიტრი ორეშკინმა.

ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აქტივისტები კი უკრაინაში ომს, მათი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელების ახალ შანსს უწოდებენ.

„ჩვენთვის ომი არ დასრულებულა“

ჩეჩენი რუსტამ აჟიევი, რომელიც აბდულ-ხაკიმ შიშანის ფსევდონიმით არის ცნობილი, ამა წლის ოქტომბერში უკრაინაში გაემგზავრა და უკრაინის არმიის რიგებში რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნურ დანაყოფს შეუერთდა. 41 წლის აჟიევი, უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს ჩეჩნეთში დაწყებული იმ ომის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელშიც იგი 19 წლის ასაკიდან ჩაება.

„ეს ომი 1999 წელს დაიწყო“, - ამბობს აჟიევი, რომელსაც მხედველობაში აქვს ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელმაც ძალიან ახალგაზრდა კაცი არაღიარებული იჩქერიის რესპუბლიკის ცენტრალური ფრონტის ერთ-ერთ მეთაურად აქცია. „ხოლო 2000 წელს, 19 წლის ასაკში, მე სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას შევუერთდი და მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირდა. და ჩვენთვის ეს ომი არ დასრულებულა“, - დასძენს აჟიევი.

მან რუსეთი 2011 წელს დატოვა და გაემგზავრა თურქეთში, საიდანაც მალე სხვა ჩეჩენ სეპარატისტ მებრძოლებთან ერთად აღმოჩნდა სირიის ტერიტორიაზე, კვლავ მოსკოვის სამხედრო ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში.

„სადაც შევძლებთ, ყველგან დავედევნებით მტერს. მე აქ ჩამოვედი ისტორიული სამართლიანობისათვის საბრძოლველად“, - ამბობს აჟიევი და იმასაც იხსენებს, რომ წარსულში უკრაინელთა მცირე ჯგუფიც იბრძოდა ჩეჩნეთში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, „რასაც ჩეჩნები არასოდეს დაივიწყებენ“.

რუსტამ აჟიევი ერთ-ერთია რუსეთის იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ როგორც ეთნიკური უმცირესობის შანსს, რომ მიაღწიონ უფრო მეტ ავტონომიას, ან სულაც დამოუკიდებლობას ქვეყნის შიგნით.

„ერზიელი ხალხი იმპერიის მიერ 800 წლის განმავლობაშია ოკუპირებული“, - განაცხადა ერზიელმა ხანდაზმულმა სირეს ბოლეიანმა ივლისში თავისუფალი ერების ლიგის კონფერენციაზე. ამ ლიგაში გაერთიანებული არიან რუსეთის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის შიგნით თვითგამორკვევას ესწრაფვიან. ერზიელთა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტ მორდვეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს, 800 000 ადამიანისგან შედგება. სირეს ბოლოიანის თანახმად, რამდენიმე ერზიელი მოხალისეც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასაცავად.

პუტინის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში იმაზე უფრო ხანგრძლივი და ძვირად ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მოსკოვი მოელოდა. ვინაიდან ომის დასრულებას ნიშან-წყალიც არ ეტყობა, ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გამოიწვევს ცენტრიდანული ძალების გაძლიერებას მასშტაბური და ძლიერ ცენტრალიზებულ რუსეთში. და ეს ძალები, როგორც მიმომხილველები ამბობენ, კიდევ უფრო გაძლიერდებიან იმ ფონზე, როდესაც უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციები ძირს გამოუთხრის მოსკოვის გავლენას რეგიონებზე, ბალტიისა და შავი ზღვებით დაწყებული და წყნარი ოკეანით დამთავრებული.

„საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს“

ასეთი სცენარის გარშემო სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ბევრი ანალიტიკოსი ეთახმება მოსაზრებას, რომ ომი არყევს პუტინის ჯერ პრეზიდენტის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის ამ როლში, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ძალაუფლების ცენტრალიზებულ სტრუქტურას.

დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურების ანგარიშით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლულის სახით, დაახლოებით 20 000 რუსი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ათიათასობით ითვლება დაჭრილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად და დატყვევებულად. ათიათასობით ჯან-ღონით სავსე ადამიანი იძულებული გახდა სარჩო-საბადებლის საძებნად უცხოეთში წასულიყო. მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის გამო. საერთაშორისო ინსტიტუტებმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს, მათ შორის მოსკოვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი - ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელ საწარმოებს.

„მართვის სისტემაში უკვე ჩანს გარკვეული ქაოსი. ხელისუფლების ვერტიკალი, რომელსაც იგი აშენებდა, ამ კრიტიკულ მომენტში რყევას განიცდის“, - ამბობს პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი და დასძენს, რომ „თუ პუტინ ამ ომს წააგებს, რაც სრულიად შესაძლებელია, იგი ვერ ხედავს მთავრობის ხელისუფლების შეცვლის კანონიერ შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში ძალისმიერ სტრუქტურების წარმომადგენლები ყველაფერს ერთმანეთში გაარკვევენ“, - ამბობს ორეშკინი, რომელსაც მხედველობაში ჰყავს შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელობა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის შიდა რეგიონული ელიტების სისუსტეზე და მათ ზედმეტ დამოკიდებულებას პუტინის ძალაუფლების ვერტიკალზე. ბევრ შემთხვევაში რუსეთის ეთნიკური უმცირესობების ნამდვილი ლიდერები ან გაიქცნენ ქვეყნიდან, ან როგორც ექსტრემისტები დაექვემდებარნენ დევნას, პუტინის მიერ დისიდენტური აზროვნების წინააღმდეგ ბოლო წლებში გატარებული ინტენსიური რეპრესიების შედეგად.

„1980-იანი და 1990 იანი წლებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ მოქმედ პირებს, რომლებსაც შეეძლოთ ცენტრიდანული ტენდენციებით სარგებლობა“, ამბობს ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი, რომელიც დღევანდელ დღეს ადარებს საბჭოთა კავშირის დაშლასთან, როდესაც ადგილობრივი ლიდერები თავისუფლებისათვის ბრძოლის ცენტში აღმოჩნდნენ 15-ივე რესპუბლიკაში.

„მაგრამ საბჭოთა იმპერიის დაშლა არ დასრულებულა და ის შესაძლოა სამომავლოდაც გაგრძელდესო“, - ფიქრობს ანალიტიკოსი. მისი სიტყვებით, 15 წლის განმავლობაში რუსეთის შესაძლოა ჩამოყალიბდეს „კვაზიფედერატიულ ან კონფედერაციულ სახელმწიფოდ, რომელშიც ცალკეული რეგიონები გამოყოფილად იარსებებენ“.

შექმნილი ვითარებაში რუსეთის სახელმწიფოს დაშლას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს ელისე ჯულიანი, რუსეთის ეთნიკური იდენტობის პრობლემების სპეციალისტი, რომელიც ავტორია წიგნისა: „უკმაყოფილების კონსტრუირება: ეთნიკური ნაციონალიზმი რუსეთის რესპუბლიკებში“.

„შესაძლოა, ომისადმი წინააღმდეგობის გაძლიერებამ რუსეთის სახელმწიფოში უფრო ფართო ოპოზიციის შექმნა გამოიწვიოს. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რის გამოც რუსეთის სახელმწიფოს დანგრევა ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია“, - ამბობს ჯულიანი და დასძენს, რომ ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ „რით დასრულდება მოვლენათა განვითარება“.

„ეროვნული უმცირესობების გენოციდი“

რუსეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უკმაყოფილება დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ თებერვალში გაჩაღებული ომის დაწყებისთანავე წარმოიშვა და იგი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ომის პირველ კვირებში ვერ შეძლო კიევის აღება და იძულებული გახდა სულ უფრო და უფრო მეტი ცოცხალი ძალები გადაესროლა უკრაინის ფრონტზე. მალე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ მათი მცირერიცხოვანი თემის წარმომადგენელ მამაკაცები ხელისუფლება არაპროპორციულად გაჰყავდა საომრად და შესაბამისად მათში მსხვერპლიც არაპროპორციულად დიდი იყო.

„მაგალითად, ტუვაში, 3300 ზრდასრულ ადამიანზე ერთი დაღუპული ჯარისკაცი მოდის, მაშინ როცა მოსკოვში ეს მაჩვენებელი უდრის ერთ დაღუპულს 480 000 ზრდასრულიდან. განსხვავება ასჯერ მეტია“, - ამბობს დმიტრი ორეშკინი.

რუსეთის შიგნით დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის იმპულსი კიდევ უფრო გაძლიერდა სექტემბერში, როდესაც რუსეთის პუტინის ბრძანებით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. მიუხედავად რეპრესიებისა, მობილიზაციის საწინააღმდეგო პროტესტის ტალღა მოედო რუსეთის სამხრეთსა და ჩრდილო კავკასიას. მთელი რუსეთის მასშტაბით კი ათზე მეტი გამწვევი პუნქტს წაუკიდეს ცეცხლი. ხოლო იძულებითი მობილიზაცია რომ აეცილებინათ თავიდან, რუსეთი დაახლოებით 700 000-მა ახალგაზრდამ დატოვა, - წერდა ოქტომბერში ჟურნალი Forbes-ი კრემლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

„მობილიზაციამ სტიმული მისცა ანტისაომარ ტენდენციას რუსეთში, რასაც ვერ ვიტყვი, რომ მანამდე არსებობდა“, - ამბობს ბათირ ბორომანგნაევი, ყალმუხეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი აქტივისტი. ხოლო ბაშკირი ჟურნალისტი ქალი აიგულ გიმრანოვა-ლევმა კრემლისეული მობილიზაციის პოლიტიკას „ეროვნული უმცირესობების გენოციდი“ უწოდა.

„კრემლი დღეს ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავს, როდესაც უკრაინაში თავის მიერ გაჩაღებულ ომში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს იწვევს“, - დაწერა ჟურნალისტმა სექტემბერში სოციალურ ქსელში.

იაკუტების გენოციდი უწოდა პუტინისეულ მობილიზაციას რუსეთის ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ იაკუტიის ფილიალის ხელმძღვანელმა, ანატოლი ნოგოვიცინმა.

„ჩვენ იაკუტები დაახლოებით 400 000-ს შევადგენთ. ეს კიდევ უფრო მცირე რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი უმრავლესობა მოხუცები და ბავშვები არიან. ხოლო თუ მარტო შრომისუნარიან მამაკაცებს აიღებთ, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახების შექმნა და ბავშვების გაზრდა, ასეთები მაქსიმუმ 100 000 იქნება. რუსეთის ხელისუფლება მცირე ერებს სპობს“, - ამბობს ნოგოვიცინი.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, გრიგორი გოლოსოვი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც რეგიონების ხელმძღვანელობა აიძულა, რეგიონული ნიშნით დაეკომპლექტებინა ომში გასაგზავნი ბატალიონები, პუტინმა თავად დააჩქარა რუსეთის დაშლა და ხელი შეუწყო ამ პროცესის ძალადობრივი გზით განხორციელებას.

„როდესაც „მოხალისეები“ დაბრუნდებიან, ყველა რეგიონში გამოჩნდებიან იმედგაცრუებული, მაგრამ კონსოლიდირებული და სამხედრო გამოცდილების მქონე, სავარაუდოდ, შეიარაღებული, ადამიანები. თავიანთი ადგილობრივი იდენტურობის გათვალისწინებით, ისინი დამხმარე საშუალებად გადაიქცევიან იმ ძალების ხელში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებაში მოსვლას ესწრაფვიან. ასეთი სურვილი ყოველთვის წარმოიშობა ნებისმიერ პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისის დროს, მაგრამ ადგილობრივი შედარებული ძალების გარეშე ეს სურვილი მიზანს ვერ მიაღწევს“, - ასკვნის გოლოსოვი.

ამასთან ექსპერტის თქმით, არ შეიძლება გამოირიცხოს მოვლენათა ექსტრემალური განვითარება, როდესაც რუსეთი შესაძლოა დაიშალოს სულ მცირე 80 „დამოუკიდებელ ქვეყნად“, რომლებიც ძირითადად „დანაშაულებრივ ავტოკრატიებად“ გადაიქცევიან.

„ასეთი შანსი კიდევ აღარ მოგვეცემა“

როდესაც 1980-იან და 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი დასუსტდა და დაიშალა, ცენტრალური ხელისუფლების რღვევამ არა მხოლოდ არარუსულ საბჭოთა რესპუბლიკებში გააძლიერა თვითგამორკვევისკენ სწრაფვა, არამედ რუსეთის შიგნით არსებულ არარუსულ ეთნიკურ უმცირესობაშიც. თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, რომ საკუთარი ქვეყანა ნამდვილ ფედერაციად ექცია და თავად მოსკოვმა მოუწოდა ქვეყნის ავტონომიურ სუბიექტებს უფლებების გაფართოებისკენ.

ეს იყო პერიოდი, რომელსაც თათარმა სოციოლოგმა, მიდხატ ფარუშკინმა 1993 წელს „სუვერენიტეტების ეიფორია“ უწოდა.

ამ ისტორიული პერიოდის აღწერის დროს ხშირად იმეორებენ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც სიტყვასიტყვით ასე ჟღერდა: „აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენსაც გადაყლაპავთ“. („Берите столько суверенитета , сколько сможете проглотить")

მაგრამ მოსკოვის ტოლერანტობა არ ვრცელდებოდა მისი ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეზე. 1991 წლის ნოემბერში ბორის ელცინმა ჯარი გაგზავნა ჩეჩნეთში და პირველი ჩეჩნური საომარი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთი თვით ადრე რეგიონში ჩატარებულ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საკანონმდებლო ორგანო და პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

1992 წლის მარტში თათრეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა 62%-მა მხარი დაუჭირა რეფერენდუმზე გამოტანილ ფორმულირებას: „თათრეთი არის სუვერენული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც რუსეთთან და სხვა რესპუბლიკებთან (სახელმწიფოებთან) ურთიერთობას აფუძნებს თანასწორობის პრინციპზე“.

მაგრამ ერთი თვის შემდეგ რუსეთის 90-მა რეგიონმა, თათრეთისა და დე-ფაქტო დამოუკიდებელი ჩეჩნეთის გარეშე, ხელი მოაწერეს მოსკოვთან ფედერაციულ შეთანხმებას.

პუტინის მმართველობის დროს, რომელიც ელცინმა 1999 წლის ბოლოს დანიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, რუსეთში დაიწყო ფედერალური სისტემის დემონტაჟი: რეგიონული ხელისუფლებები მთლიანად ემორჩილებოდნენ მოსკოვს, ხოლო ისეთ ინსტიტუტს, როგორიც არის ზედა პალატა - პარლამენტის ფედერაციის საბჭო, ყოველგვარი უფლების გარეშეა დარჩენილი.

კრემლი ასეთ ნაბიჯს ამართლებდა ქვეყნის განსაკუთრებული სიდიდით, მისი ფაქიზი მრავალფეროვნებით და იმითაც, რომ, როგორც კრემლი ამტკიცებს, გარე ძალები ქვეყნის გახლეჩას ესწრაფვიან.

„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ელიტის კონსოლიდირებას, რუსეთი შესაძლოა გაქრეს, როგორც ერთიანი სახელმწიფო... საბჭოთა კავშირის დაშლა შესაძლოა საბავშვო სპექტაკლად მოგვეჩვენოს იმ თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოებრივ კრახთან შედარებით“, - განაცხადა 2005 წელს დმიტრი მედვედევმა, იმხანად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და 2008-12 წლებში რუსეთის პრეზიდენტმა.

მაგრამ ჩანასახში მყოფი ელცინის ეპოქის ფედერალიზმის დემონტაჟსა და ჰიპერცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემის შექმნას, ბევრი მიმომხილველი, დღევანდელი რუსეთის სისუსტის მთავარ წყარო მიიჩნევს.

„პუტინის მიერ ფედერალიზმის განადგურება რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელიც ჩვენ 5-7 წლის შემდეგაც არ მოგვცემს მოსვენებას. ყველა იმ ინსტიტუტის განადგურებით, რომელსაც შეუძლია რეგიონული პრობლემებისა და უთანაბრობის მოგვარება, პუტინმა ქვეყნის პოტენციური დაშლის საფრთხე შექმნა“, - ამბობს დიმიტრი ორეშკინი.

ზოგიერთი რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი, ილია პონომარიოვი, რომელიც დევნილობაში მყოფი სახალხო დეპუტატების კონგრესს უდგას სათავეში, იმედოვნებს, რომ პოსტ-პუტინურ პერიოდში „რუსეთის დემოკრატიული აღორძინება“ დაიწყება.

„ჩვენ უნდა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც რუსეთის, როგორც იმპერიის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. იმპერია უნდა მოკვდეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. და ამის შემდეგ ჩვენი კოლექტიური შრომის ნაყოფად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა იქცევა“, - განაცხადა ილია პონომარიოვმა.

მაგრამ რუსეთში არსებულ ეროვნულ მოძრაობებს არ დავიწყებიათ რუსეთის მიერ ფედერალიზმის იდეის მრავალგზის უგულებელყოფა.

"ჩვენ გვინდა იმპერიიდან გასვლა. მე ვერც კი ვუწოდებ მას რუსეთის ფედერაციას“, - აცხადებს ბაშკირი ნაციონალისტი რუსლან აბასოვი.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საერთაშორისო საზოგადოებაში იყო მყარი კონსენსუსი რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრე უნიტარული სახელმწიფო, რომელსაც უნდა ეკისრა პასუხისმგებლობა თავის ბირთვულ შეიარაღებასა და მასობრივი განადგურების სხვადასხვა ტიპის იარაღზე.

„შესაბამისად, დასავლეთი ჩეჩნეთში ომს განიხილავდა, როგორც „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ“ მიმართულ რუსეთის შიდა კონფლიქტს. „იმხანად რუსეთი ითვლებოდა ქვეყნად, რომელმაც სულ ახლახან ჩამოიშორა კომუნისტური ტოტალიტარიზმის მანკიერება და თავისუფალ სამყაროსთან შეერთებას ესწრაფოდა. ეს იყო ავანსად გაცემული კეთილი ნების დიდი კრედიტი“, - ამბობს ყალმუხი აქტივისტი სანჟიევი და დასძენს, რომ ამჟამად სიტუაცია სრულიად განსხვავებულია, პუტინის მმართველობამ ამოწურა ნდობის ეს კრედიტი, ხოლო ახლა დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ და ლიდერმა რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნეს.

ანალიტიკოსთა აზრით, პუტინის მიერ გაჩაღებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ და ამის შედეგად დაწყებული ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება, როგორც ჩანს, ხელ-ფეხს გაუხსნის რთულად პროგნოზირებად დეზინტეგრაციულ პროცესებს.

„დაწყებულია ცენტრის საყრდენის მორღვევა. როდესაც ცენტრი ჩამოიშლება, რეგიონებში დაიწყება ტურბულენტურობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, თუ ზუსტად რა სახისა. სწორედ ცენტრში დაიწყება სისხლიანი ანგარიშსწორება, რომელიც რეგიონებშიც შეაღწევს. ეს უეჭველია“, - ამბობს ორეშკინი.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა მათი ქვეყანა კვლავ დააყენა შემობრუნების მომენტის წინაშე, როდესაც მომავალი მოვლენები შესაძლოა გახდეს ისეთივე საბედისწერო, როგორიც იყო რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში.

„ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ჯერაც არ დაწყებულა“, - ამბობს რაფის კაშაპოვი, დევნილობაში მყოფი თვითგამოცხადებული თათრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე. „მაგრამ უკრაინაში ომმა ჩვენ მართლაც მოგვცა უნიკალური შანსი. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ასეთი შანსი მეტად აღაც მოგვეცეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG