Accessibility links

site logo site logo

რა დაადგინა სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების საქმის შესწავლისას


საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში. 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეში დისკრიმინაცია და შრომითი უფლებების დარღვევა დაადგინა. ოთხივე ჟურნალისტი მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, სასამართლოში უჩივის.

ამავე ჟურნალისტებმა საქმის შესწავლა სახალხო დამცველს თავად სთხოვეს. თეონა თურმანიძის მიმართ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო, - წერია 24 აგვისტოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. პირდაპირი დისკრიმინაცია ომბუდსმენმა თეონა ხარაბაძის შემთხვევაშიც დაადგინა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო. თეონა ხარაბაძე მიმდინარე წლის მარტში ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. დირექტორ გოგა კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი აჭარის ტელევიზიის ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. დღეს კი თეონა ამბობს, რომ პრაქტიკულად ჩამოშორდა ტელევიზიის „ახალი ამბების“ რედაქციას, ვეღარ ამზადებს დღის მთავარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ თემებს და მხოლოდ დისტანციურად მუშაობს ვებსაიტისთვის:

წლების მიხედვითაა ნაჩვენები, რას და როგორ  ვაკეთებდი მაუწყებელში და როგორ შეიცვალა ყველაფერი ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ. თვალნათლივ აჩვენებს საზოგადოებას აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს...
თეონა ხარაბაძე

„დასკვნაში წერია, რას ვაკეთებდი და რა სიკეთე მოგვქონდა მაუწყებლისთვის, ზოგადად მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ახლა რას ვაკეთებთ. სახალხო დამცველმა მხოლოდ დისკრიმინაცია კი არ დაადგინა, სამართლებრივთან ერთად შესწავლილია პრობლემა ჟურნალისტიკისა და მედიის თვალსაზრისით. წლების მიხედვითაა ნაჩვენები, რას და როგორ ვაკეთებდი მაუწყებელში და როგორ შეიცვალა ყველაფერი ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ. თვალნათლივ აჩვენებს საზოგადოებას აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს“, - ამბობს თეონა ხარაბაძე.

დისკრიმინაციული იყო მენეჯმენტის მიდგომა ჟურნალისტ თეონა თურმანიძის შემთხვევაშიც, მიიჩნევს სახალხო დამცველი. „ახალი ამბების“ წამყვანი თეონა თურმანიძე სატელევიზიო ეთერიდან მოხსნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომლითაც ჟურნალისტმა მენეჯმენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

დასკვნაში სახალხო დამცველი თეონა თურმანიძის შემთხვევაში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ თეონა თურმანიძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დარღვევად ფეისბუკსტატუსები მიიჩნია და ის ერთადერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ტელევიზიაში, რომელსაც „დისციპლინური გადაცდომის გამო კონკრეტულ საქმიანობაზე დაშვება შეეზღუდა“.

„ადგილი ჰქონდა განმცხადებლის უფლებებში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო, რაც დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშანს – სხვა შეხედულებას უკავშირდება“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ჟურნალისტ თეონა თურმანიძის სატელევიზიო ეთერიდან მოხსნას ფეისბუკსტატუსითვე გამოეხმაურა მალხაზ რეხვიაშვილი. გადაცემა ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე გოგა კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ისევ და ისევ ფეისბუკსტატუსის გამო. სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია, რომ მალხაზ რეხვიაშვილმა არსებითად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, „რამდენადაც მალხაზ რეხვიაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო სტატუსის გამო არ არსებობდა მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის – სამსახურიდან დათხოვნის - გამოყენება ჩაითვალოს გამართლებულ ღონისძიებად, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის წერილში.

გოგა კოხრეიძე
გოგა კოხრეიძე

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს გოგა კოხრეიძეს, ბათილად ცნოს თავისი ბრძანებები. ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის დასკვნა სასამართლოში წარსადგენად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება:

„იმიტომ რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მსჯელობს ბევრ მიმართულებაზე, მათ შორის, ევროპული სასამართლოების პრაქტიკაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ მსგავს საქმეებზე. მოყვანილია უნგრეთის მაგალითი. სახალხო დამცველმა მხოლოდ შრომითი უფლებების დარღვევა კი არ დაადგინა, დისკრიმინაცია გამოავლინა პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით. მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტისთვის არაა მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს სახალხო დამცველი ან სამოქალაქო საზოგადოება. მათთვის მნიშვნელოვანია მაუწყებლის ხელში ჩასაგდებად დასახული მიზნის ბოლომდე განხორციელება“.

საქართველოს სახალხო დამცველმა ორი ჟურნალისტის შემთხვევაში დისკრიმინაცია დაადგინა, ორის - მალხაზ რეხვიაშვილისა და სოფო ჟღენტის - შემთხვევაში კი დისკრიმინაციის დადგენაზე საქმის წარმოება შეაჩერა, რადგან მათ საქმეებს სასამართლო განიხილავს.

სახალხო დამცველმა სოფო ჟღენტის საქმის შესწავლისას გაარკვია, რომ ის აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსია, თუმცა ტელევიზიაში დებულების შეცვლის შემდეგ იგი საინფორმაციო სამსახურს მთლიანად ჩამოაშორეს.

რეგიონალური მაუწყებლის დირექტორი გოგა კოხრეიძე კომენტარს არ აკეთებს. მენეჯმენტის პოზიცია აჭარის ტელევიზიის ეთერით გაახმოვანა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ. მან თქვა, რომ სახალხო დამცველის შეფასებებს მენეჯმენტი არ ეთანხმება და არც რეკომენდაციებს გაითვალისწინებს:

ფირუზ ბოლქვაძე
ფირუზ ბოლქვაძე

„ყველა გადაწყვეტილება თითოეულ თანამშრომელთან მიმართებაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნისა და შრომის კოდექსის დაცვით. მაუწყებლის მენეჯმენტს პრობლემატურად მიაჩნია ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში სახალხო დამცველი შერჩევით ახდენს რეაგირებას მაუწყებელში თანამშრომელთა უფლებების დარღვევაზე. ეს არის საფუძველი, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა იფიქროს - ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის შეფასებები არ არის ობიექტური. შესაბამისად, მენეჯმენტი აპირებს მხოლოდ სასამართლოს და კანონმდებლობის მოთხოვნებს დაემორჩილოს“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გოგა კოხრეიძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 სარჩელია შესული. ჟურნალისტები მენეჯმენტს შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. 2 საჩივარი ჟურნალისტებმა პროკურატურაში შეიტანეს და მენეჯმენტის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ. სასამართლომ ჟურნალისტების სარჩელის ნაწილის განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესები თვის ბოლოსაა ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG