Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„Arcturus“- „ვარდისფერი თვალი“: ახალი რა ახასიათებს ომიკრონის ახალ ვარიანტს?


მისი სახელია XBB.1.16 – „Arcturus“ - არქტურუსი, ომიკრონის ახალი ქვევარიანტი, რომელმაც ამჯერად ინდოეთში იფეთქა და უკვე დაახლოებით 29-მდე ქვეყანაში გავრცელდა. XBB.1.16 პირველად იანვარში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას 22 მარტიდან აკვირდება.

COVID-ის ამ ახალი ვარიანტისათვის დამახასიათებელი და წინა შტამის, „კრაკენისგან“ განმასხვავებელი სიმპტომია კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის ანთება.

ამ სეზონზე ალერგიული ფონი ისედაც მაღალია, ამიტომ ბევრს შესაძლოა სეზონური ალერგია „Arcturus“-ში აერიოს. ეპიდემიოლოგები ამ სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში ადამიანებს სიფრთხილეს ურჩევენ.

ამ შტამით ინფიცირების დროს: თვალები შეწითლებულია, იგრძნობა ქავილი, ხანდახან სისველე და თვალების შეწებების შეგრძნება.

ამ სიმპტომმა განსაკუთრებით იჩინა თავი ბავშვებში.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება - ზოგიერთ შტატში ნიღბების ტარება ისევ სავალდებულო გახდა.

ინდოეთის პედიატრიული აკადემიის იმუნიზაციის კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პედიატრმა ვიპინ ვაშიშთჰამ, The Hindustan Times-ს განუცხადა, რომ „არქტურუსს“ ახასიათებს მაღალი სიცხე, ხველა და „ვარდისფერი თვალი“ - კონიუნქტივიტი.

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი, რომლებმაც ერთმანეთს შეადარეს „კრაკენის“ და „არქტურუსის“ ქვევარიანტები, ივარაუდეს, რომ ახალი შტამი ვრცელდება დაახლოებით 1,17-დან 1,27-ჯერ უფრო ეფექტიანად, ვიდრე მისი წინა შტამი.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ეს ქვეშტამიც უფრო მეტად სახიფათოა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ამიტომ ისინი მეტად ყურადღებით უნდა იყვნენ.

მისივე ინფორმაციით, აქტიურად მატულობს „არქტურუსის“ შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ პანდემია მსოფლიოში ამ ეტაპზე მართვადია - შემთხვევები შემაშფოთებლად მკვეთრად არ მატულობს.

სტაბილურია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოშიც, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა. მისი ინფორმაციით, თებერვალსა და მარტთან შედარებით, ინფიცირების შემთხვევებიც უფრო ნაკლებია.

„ტენდენცია ასეთია - ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს ვირუსის რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების ერთეული შემთხვევები“.

XBB.1.16 – „Arcturus-ის შემთხვევა საქართველოში ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

დიდი ალბათობით, ის საქართველომდეც მოაღწევს, თუმცა, როგორც ალექსანდრე გოგინავა ამბობს, სერიოზულ პრობლემებს ვერ შექმნის.

ამ შტამისგან თავდაცვის მეთოდებიც იგივე რჩება, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში COVID-19-ისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა: ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ვაქცინაცია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG