Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კვლავ დუმს 10 დღის განმავლობაში 10 თვითმფრინავის დაკარგვის თაობაზე


უკრაინამ წელს უკვე მეორედ ჩამოაგდო A-50-ის ტიპის ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი
უკრაინამ წელს უკვე მეორედ ჩამოაგდო A-50-ის ტიპის ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობა და ბრიტანული დაზვერვა იტყობინებიან, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 10 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად უნდა ჩაითვალოს 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდება, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.

თავად რუსეთი სამხედრო საავიაციო დანაკარგების შესახებ არაფერს ამბობს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეგრამის არხმა კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ე.წ. მეგობრული ცეცხლი დაასახელა.

"ბაიანის" უკანასკნელი რეისი

23 თებერვალს, როდესაც რუსი სამხედროები პროფესიულ დღესასწაულს „მამულის დამცველის დღეს“ აღნიშნავენ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა ცნობა რუსეთის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელის, ადრეული აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდების შესახებ.

„A-50, წარწერით "ბაიანი" უკანასკნელად გაფრინდა. ვულოცავ ოკუპანტებს "მამულის დამცველის დღეს"!“- დაწერა 23 თებერვალს საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა თავის ტელეგრამის არხში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს.

მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოდან გაკეთებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებულმა A-50-მა სავარაუდოდ კრასნოდარის ოლქის სოფელ ტრუდოვაია არმენიას რაიონში განიცადა კატასტროფა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალმა კირილო ბუდანოვმა უთხრა ჟურნალისტებს, რუსული თვითმფრინავი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა.

„ამ ოპერაციაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. 23 თებერვალზე არ ვყოფილვართ აწყობილი. ველოდებოდით თვითმფრინავს და არა თარიღს“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

უკრაინის სარდლობის ცნობით, თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა მისი ათკაციანი ეკიპაჟი, მათ შორის, ხუთი მაიორის რანგის ოფიცერი.

რუსეთმა 10-დან 3 A-50 დაკარგა?

გასული წლის აპრილში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ 26 თებერვალს ბელარუსის აეროპორტში, მაჩულიშჩიში მომხდარ აფეთქებაში. დივერსიული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50, თუმცა უცნობი დარჩა, თუ რამდენად სერიოზული იყო ეს დაზიანება.

თუ პირველ შემთხვევაში უკრაინელებმა, სავარაუდოდ, დრონი გამოიყენეს. მიმდინარე წლის 14 იანვარს აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშის შედეგად ორი სტრატეგიული მნიშვნელობის საჰაერო ხომალდი: ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 და საჰაერო სამეთაურო პუნქტი Ил-22M-ი ჩამოაგდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ორივე თვითმფრინავს მისწვდა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის PAC-2 რაკეტები, რომლებიც სავარაუდოდ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან, უკრაინის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქიდან ისროლეს. ასევე განიხილება უკრაინისათვის გადაცემული F-16-დან „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებით იერიშის მიტანის შესაძლებლობაც.

შესაბამისად, 23 თებერვალს რუსეთის „მამულის დამცველის დღეზე“ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, რუსეთმა, სავარაუდოდ, მესამე A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი დაკარგა, რაც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სამხედრო ავიაციის ეფექტიანობას.

„რამდენიმე თვეში ორი გამოცდილი სპეციალიზებული ეკიპაჟის დაკარგვა, გამოიწვევს დაძაბულობას და დაღლილობას რუსებში, თუ მათ სურთ უწყვეტ რეჟიმში გააგრძელონ ოპერაციები. დიდი ალბათობით, რუსეთის საჰაერო ძალები იძულებული გახდებიან განიხილონ სხვა ტერიტორიებზე ამ თვითმფრინავების ბაზირების შესაძლებლობა, მაგრამ უკრაინა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შესწევს სწრაფად ადაპტაციის და მოწინააღმდეგისათვის საფრთხის შექმნის უნარი“, - მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

ადრეული აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 შეიქმნა Ил-76 თვითმფრინავის ბაზაზე გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და მან 1985 წლიდან სრულად ჩაანაცვლა სსრკ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში Ту-126.

სადაზვერვო თვითმფრინავ A-50-ის დახმარებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კორექტირებას უკეთებენ თავიანთი მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გაფრენებს, თვალს ადევნებენ და აფიქსირებენ უკრაინული თვითმფრინავებისა და რაკეტების ტრაექტორიას და, ასევე, ფრონტის წინა ხაზიდან შესაბამის სიგნალებს ზურგში მდებარე შტაბებს გადასცემენ.

A-50-ს იყენებენ საბრძოლო და მოიერიშე თვითმფრინავების მართვა-დამიზნებისთვის, ეს ხომალდი საჰაერო-სამეთაურო პუნქტის ფუნქციას ასრულებს და მის მანევრს საგულდაგულოდ მეურვეობენ რუსეთის საჰაერო-თავდაცვის ძალები.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის ხელთ არსებული უწინარესად დასავლური წარმოების, საჰაერო-თავდაცვითი შეიარაღებისათვის უკვე მიუწვდომელი არაფერია. ამაზე მოწმობს უკრაინის მიერ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩამოგდებული მოწინააღმდეგის 10 საბრძოლო თვითმფრინავი.

უკრაინული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, A-50-ის გარდა რუსეთმა დაკარგა ასევე 9 ერთეული SU-34 და SU-35 ბომბდამშენი-გამანადგურებელი.

ამ ცნობაზე საერთოდ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის სამხედრო უწყებას. ბევრი რუსული ტელეგრამარხი კი წერდა, რომ A-50-ი შეიძლებოდა ჩამოეგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის ე.წ. მეგობრულ ცეცხლს.

როგორც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა აღნიშნა, ეს არის ფორმულირება იმ სირცხვილის გადასაფარავად, რასაც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში უკრაინის მხრიდან მათი საუკეთესო თვითმფრინავების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობა იწვევს.

რაც შეეხება ბოლო კვირებში რუსეთის ავიაციის მხრიდან განცდილ დიდ დანაკარგებს, იგნატის აზრით, რუსეთის სარდლობამ ქალაქ ავდეევკის იერიშში ჩართო დიდი რაოდენობით ტაქტიკური ავიაცია, რომელსაც ადვილად სწვდებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვა.

„A-50 თვითმფრინავის გამოყენების ინტენსივობა შემცირდა. ისინი უბრალოდ რამდენიმე დღეა არ გამოჩენილან. მას [რუსეთის სარდლობას] აღარ მიუღია გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტი თვითმფრინავის გაგზავნის შესახებ... მტერი უკვე დაფიქრდა იმაზე, გარისკოს თუ არა შემდგომში ადრეული აღმოჩენისა და დამიზნების რადიოლოკაციური თვითმფრინავის გამოყენება. დიახ, მას [A-50-ს. რედ.] შეუძლია ადრეული აღმოჩენა შორი მანძილიდან, მაგრამ მას ასევე სჭირდება უფრო ახლოს მოფრენაც, რათა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უფრო სიღრმეში გადაიხედონ“, - განაცხადა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში

ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, რუსები ბრძოლის ველზე სამხედრო თვითმფრინავებს 20-ჯერ უფრო სწრაფად კარგავენ, ვიდრე მათი ჩანაცვლება შეუძლიათ. სანქციების გამო, რუსეთის აეროკოსმოსური ინდუსტრია წელიწადში რამდენიმე ათეულ ახალ საბრძოლო თვითმფრინავს აწარმოებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ომის 735-ე დღეს რუსეთმა 342 სამხედრო თვითმფრინავი და 325 საბრძოლო შვეულმფრენი დაკარგა.

რუსეთი პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის მხრივ განცდილი დანაკარგის შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG