როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან (რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან) და შესაბამის უწყებებთან.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა მწუხარება გამოთქვა ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო“:
„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, ასევე ამ ტრაგედიით დაზარალებულ თითოეულ ადამიანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ჯგუფებსა და ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად”.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში ღვარცოფისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 359 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 900-ზე მეტი.
„ბიბისის“ ცნობით, ტიბეტის რეგიონში დაკარგულად ითვლება სულ მცირე 558 ადამიანი, დადასტურებულია სამის დაღუპვა.
საზღვრის ორივე მხარეს დაკარგულია ასობით უცხოელი - ნეპალის მონაცემებით, საუბარია სულ მცირე ინდოეთის 178, ნეპალის 127, აშშ-ის 65 და ბრიტანეთის 33 მოქალაქეზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კავშირის დამყარება ვერ ხერხდება 50-ზე მეტ უკრაინელთან.
- ნეპალის ოფიციალური პირების თავდაპირველი ინფორმაციით, რეგიონში მომხდარ მიწისძვრას შესაძლოა მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამოშლა გამოეწვია, რასაც შემდეგ წყალდიდობა მოჰყვა.
- აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის მაგნიტუდა, რომელიც თავდაპირველად 4.4-ად შეფასდა, რეალურად მყინვარული ქანებისა და ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ენერგია იყო, რასაც ნამსხვრევებისა და ტალახის მასის გადაადგილება მოჰყვა.
- ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დააფიქსირა გირონგში მდებარე, ამჟამად კაშხლით შეკავებულ ტბისგან მოსალოდნელი საფრთხე. ტბა მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტიბეტ-ნეპალის სასაზღვრო პუნქტის ზემოთ, დინების მიმართულებით მდებარეობს და მისი შესაძლო გარღვევა სამაშველო ოპერაციებს მთიან რეგიონში მნიშვნელოვნად გაართულებს, იტყობინება CCTV.
ფორუმი