Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო კალენდარი


მოდი, გულწრფელად ვთქვათ: ზოგჯერ ირაციონალური მიზეზის გამო ვბრაზობთ და ვშფოთავთ და როცა შფოთის მიზეზი მართლაც რაციონალურია, გაუგებრად და ჩვენთვისვე საზიანოდ პასიურები ვართ.

ამ დროს, არა მგონია, რაციონალური პრობლემების ნაკლებობას ვუჩიოდეთ საქართველოში.

მოქალაქეს კი, რომელსაც შესაძლოა ბევრი არც არაფერი აქვს, აქვს მთავარი და მნიშვნელოვანი - უფლება და მოვალეობა, რომ მოითხოვოს და პროტესტი გამოთქვას.

თქვენი არ ვიცი და, ჩემი აღქმით, ჩვენს ქვეყანაში არცთუ კარგად მიდის საქმეები და, ეჭვი მაქვს, თუკი კიდევ დიდხანს გაგრძელდება გეგმის და ხედვის გარეშე მბორგავი ხელისუფლების უმოქმედობისა და შეფარული თუ ცხადი მავნებლობისგან გაჩენილი აპათია, საქმეები კიდევ უფრო ცუდად წაგვივა.

ჰოდა, თუკი ისინი არ და ვერ მოქმედებენ ქვეყნისთვის სასიკეთოდ, გთავაზობთ ჩვენვე ვიმოქმედოთ, მოქალაქეებმა, ოღონდ ჩვენსავე და არა ვინმეს საკეთილდღეოდ. მოქალაქეებმა გამოვთქვათ პროტესტი და ნუ შევაჩერდებით ტოტალური განუვითარებლობის ციკლში შესულ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას.

აქვე დავამატებ, რომ ქვევით მოყვანილ "საპროტესტო კალენდარს" ვადგენ მიმდინარე და გადაუწყეტელ სოციალურ თუ პოლიტიკურ უმსგავსობებზე რეაგირების სურვილით და არა იმ კომპლექსით, რომ რაკი ოდესღაც ვიღაცას სათანადოდ არ მოვთხოვეთ პასუხი, ამის გამო ახლა ნაკლებად ან, საერთოდ, აღარც უნდა მოვთხოვოთ ვინმეს რამე, ამგვარი კომპლექსების გამო წლები გადის და პრობლები კი ისევ ადგილზე რჩება, ამიტომ პროტესტი აწმყოზე უნდა კონცენტრირდეს და წარსულს - მორალურად თუ პოლიტიკურად - ისტორია თავად შეაფასებს, ჩვენიანად თუ უჩვენოდ. ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ და არა წარსულში. წარსული გამოცდილებაა, ხოლო აწმყო - რეალობა, რომელიც ახლა და აქაა.

"2019 წლის საპროტესტო აქციების კალენდარს" ვადგენ მომხდარი თუ მიმდინარე დრამატული მოვლენების ქრონოლოგიისა და არა მათი მნიშვნელობის შესაბამისად.

მაშ, ასე:

საპროტესტო აქცია N1: შევინარჩუნოთ "ვაკის პარკი", არ დავუშვათ ისედაც უჟანგბადო ქალაქში ახალი მონსტრის მშენებლობა! დავიცვათ ჩვენი ქალაქი (თარიღი დაზუსტებულია)!

საპროტესტო აქცია N2: გამოვტაცოთ სახელისუფლებლო კლანებს ქართული სასამართლო! დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვის ხელშია მისი ქვეყნის მართლმსაჯულება! სასამართლოს მიმართ ნდობა არ გაჩნდება, თუკი მოსამართლის, კონკრეტული ადამიანის, მისი სახელისა და გვარის, მისი ბიოგრაფიისა და ცოდნის მიმართ არ გაჩნდება ნდობა! ყველანი სასამართლოსთან (თარიღი დასაზუსტებელია)!

საპროტესტო აქცია N3: ვინ არის პასუხისმგებელი იმ ტრაგედიებზე, რომელიც გაზის გაჟონვას თუ აფეთქებას მოჰყვა? გაუგებარი "ყაზტრანსგაზი"? სენტიმენტალურ-ხუმარა ქალაქის მერი? უჩინარ-უსახო მფლობელი? ვინ და როდის შეცვლის სახიფათო რეალობას, რომელიც ისევ, ანუ დღესაც და ახლაც საგანგაშოდ აქტუალურია? საპროტესტო მსვლელობა ქალაქის მერიიდან "ყაზტრანსგაზის" ოფისამდე!

საპროტესტო აქცია N4: რატომ აიწია "ფასებმა"? თითქოს ღარიბი და სიღარიბე აკლდა ამ ქვეყანას! ბერტოლდ ბრეხტის არ იყოს, მდიდრები (წაიკითხე - ჩინოვნიკები) მდიდრდებიან, მოქალაქეები კი ღარიბდებიან. ვინ არის არსებულ ეკონომიკურ უწესრიგობაზე პასუხისმგებელი? ყველანი მთავრობის კანცელარიასთან!

საპროტესტო აქცია N5: რატომ არ აღსრულებულა დღემდე მართლმსაჯულება "ხორავას ქუჩის" ტრაგედიის გამო? რატომ სიმულირებენ გამოძიების პროცესს? ბოლოს და ბოლოს, რა რაოდენობის "პროკურორი ბიძაა" ამ ქვეყანაში? დანაშაულებრივი გულგრილობის (თუ სხვა მიზეზის) გამო კიდევ რამდენი ასეთი დანაშაული რჩება რეაგირების გარეშე?! ყველანი პროკურატურასთან!

საპროტესტო აქცია N6: რა უფლებით მოაშორეს ქუთაისს, ერთი მხრივ, პოლიტიკური ფუნქცია, მეორე მხრივ, ეკონომიკური თუ სხვაგვარი განვითარების შესაძლებლობა? რომელ სტრატეგიულ მიზეზს ან მიზანს ემსახურება თბილისის არაეფექტურ სისტემურ თავკომბალად ქცევა? გაძლიერების და შინაარსის მინიჭების ნაცვლად რატომ ვასუსტებთ ისედაც დეპრესიულ, უფუნქციო და გაღარიბებულ რეგიონებს? ფუნქცია ხომ რეალიზების დამატებითი შესაძლებლობების შექმნის საწინდარია? რიკოთის უღელტეხილის გადავლა ეზარებათ "სახელმწიფოსთვის დამაშვრალ მოღვაწეებს" თუ მათი ფინანსური "ასკეტურობით" აიხსნება ხარჯების დაზოგვა? ყველანი უარგუმენტოდ "დაბრუნებულ" პარლამენტთან!

საპროტესტო აქცია N7: ე. წ. საზღვრისპირა სოფლები ეტაპობრივად იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ და ვერ აქვს შემუშავებული მათი უსაფრთხოების დაცულობის რეალისტური გეგმა. ეს სოფლები, არსებითად, მიტოვებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ისტორიის მოდელი კი გვასწავლის, რომ ყაჩაღი (წაიკითხე - ოკუპანტი ან მისი ემისარი), უპირველეს ყოვლისა, იმ სივრცეს იკავებს, რომელიც დაცარიელებული და მიტოვებულია. განა არ ვიცით, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან?! დაცულობის არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც სულაც არ გამორიცხავს სტრატეგიულ თუ არასტრატეგიულ თმენას. ყველანი მთავრობის კანცელარიასთან!

საპროტესტო აქცია N8: ვინ არის პასუხისმგებელი მთავრობის წევრების, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის თუ მრავალთა და მრავალთა უპასუხისმგებლო დანიშვნა-გადაყენებაზე? ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის შებღალვაზე და, ზოგადად, ისედაც დამღლელად პრობლემური ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად და საზიანოდ დაკოჭლებაზე (რაც, სხვა თუ არაფერი, თუნდაც ექვსასი ათასი მოქალაქის საარჩევნო მოქრთამვით გამოიხატება)? ვინ არის პასუხისმგებელი სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუციების თანმიმდევრულ და საგანგაშო დასუსტებაზე (სასამართლო, მთავრობა, პრეზიდენტი, ბანკები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.)? ვინ არის ის უპასუხისმგებლო, რომელიც ყველაფერზე პასუხისმგებელია და პასუხს კი არაფერზე აგებს? ვინ არის ის, ვინც პოლიტიკურ იარაღად იყენებს პანიკასა და წარსულიდან გამოყოლილ ტრავმებს, რათა მას აწმყოსა და მომავალზე არ მოვთხოვოთ პასუხი? სად, რომელ შუშის ციხესიმაგრესა თუ ამოძირკვულ ხესთან შევიკრიბოთ გასაპროტესტებლად? ყველანი - პასუხის მოსათხოვნად!

საპროტესტო აქცია N9: ყველანი საპროტესტო აქციაზე საქართველოს მოქალაქის პასიურობის გასაპროტესტებლად - მუდმივად გარედან რომ უყურებს პროცესებს, ეზარება, ეთაკილება, ნერვები ეშლება, ათასგვარ მიზეზს რომ იგონებს, რათა არავის არაფერი მოსთხოვოს და მერე თავადვე რომ ხდება მისი ურეაქციობით გაასმაგებული პრობლემების მძევალი. როგორ ვუმკურნალოთ მის აპათიას?

განა არ ვიცით, რომ რაც მეტს და მეტნი მოვითხოვთ, მით უფრო მეტს და მეტნი მივიღებთ?!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG