Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი, ლენინი, ორჯონიკიძე - ქუჩების სახელები კახეთის სოფლებში


სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძის, 1-ლი მაისის, ოქტომბრის - ეს სახელები ჰქვია დღემდე ქუჩებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფელში. მართალია, ქუჩები ამ სახელებით საჯარო რეესტრში აღარ არის დარეგისტრირებული, მაგრამ სახლებს დღემდე აქვს ბანერები ნუმერაციით, სადაც სტალინი იკითხება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ქუჩის მოსახლეობა, მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოიძახებს, ეუბნება, რომ სტალინის ქუჩაზე ცხოვრობს. ერთ-ერთი ასეთი ქუჩა, რომელიც ამ დრომდე სტალინის სახელს ატარებს, ლაგოდეხში, სოფელ შრომაში, მდებარეობს. ჩვენ ამ ქუჩაზე მცხოვრებ 10-ზე მეტ ადამიანს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, მისაღებია თუ არა მათთვის ქუჩის ამჟამინდელი სახელწოდება. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ „სასურველია, ქუჩას სხვა სახელი დაერქვას, მაგალითად, ქართველი გმირების ან წმინდანების“. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ „სტალინმა დაგვღუპა, რადგან ქართული მიწების ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებს გადასცა“.

ზოგს სტალინის სახელობის ქუჩაც მოსწონს და ამბობს, რომ „საბჭოთა პერიოდში უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე ახლა. რატომაც არ უნდა იყოს სტალინის ქუჩა? არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იყო სტალინი“.

2011 წლიდან საქართველოში ამოქმედდა „თავისუფლების ქარტია, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს.

„თავისუფლების ქარტიის“ მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა აღმოიფხვრას. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებს დაევალათ, მოიძიონ ინფორმაცია საბჭოთა სიმბოლოების საჯარო სივრცეში არსებობის შესახებ და ცნობები მიაწოდონ სპეციალურ კომისიას.

დოკუმენტის მიხედვით, ლუსტრაციის თემატიკაზე მომუშავე კომისია უფლებამოსილია, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილებები კომუნისტური თუ ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ქუჩების სახელწოდებებისა თუ სხვა, ტოტალიტარიზმის დროინდელი პროპაგანდის საშუალებების, აღმოფხვრის შესახებ და აწარმოოს მათი რეესტრი.

ამ კანონის მიღებიდან თითქმის 9 წელი გავიდა, მაგრამ კახეთის სოფლებში დღემდე არსებობს საბჭოთა სიმბოლიკა. ისტორიკოს

ვალერი ოღიაშვილის თქმით, მართალია, ასეთი სიმბოლოები მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი, მაგრამ ისინიც უნდა აიღონ და, უკეთეს შემთხვევაში, მუზეუმში განათავსონ:

„მაგალითად, ლაგოდეხის სოფლებში - აფენის პარკის ტერიტორიაზე, საკრებულოს მოპირდაპირედ და სოფელ ულიანოვკაშიც დღემდე არის შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლოები. კარგი იქნება, რომ იქიდანაც აიღონ ან გადატანილი იქნეს მუზეუმში. თუ ვინმეს ნოსტალგია შეაწუხებს, შეუძლიათ, მუზეუმში ნახონ ესა თუ ის ნივთი“.

თემაზე მუშაობის დროს გავარკვიეთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია სპეციალური დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების ნუმერაციასა და სახელდებაზე მუშაობს. ჯგუფს

დეპუტატი ივანე ხაჩიძე ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელში ქუჩებს ახალი სახელები მიენიჭება და დაინომრება, თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და ეტაპობრივად განხორციელდება, რადგან უნდა შეხვდნენ თითოეული სოფლის მოსახლეობას და მათთან შეთანხმებით დაარქვან კონკრეტულ ქუჩებს ახალი სახელები. ხაჩიძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერია შეიძენს, დაამზადებს ნუმერაციისა და სახელდებისთვის საჭირო ბანერებს:

„ჩვენი მუშაობის ბოლო ეტაპი იქნება ის, რომ მერია შეიძენს აბრებს, მოხდება ახალი სახელების დატანა და განთავსება სოფლებში, მაგრამ ეს ყველგან ერთდროულად ვერ მოხდება, რადგან პროცედურებს საჭიროებს“.

2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „თავისუფლების ქარტიაში“ ტერმინი „კომუნისტური იდეოლოგია“ განმარტებულია, როგორც „იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, მასობრივი მკვლელობებით და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობით და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG