Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრატეგია ნაცარქექია 2020


ალბათ, ცნობილია ის მოსაზრება, რომ ამა თუ იმ ერში შექმნილი ზღაპრის გმირი ზოგჯერ საუკეთესოდ გამოხატავს ამ ერის ხასიათსა და ფსიქოლოგიას.

ზღაპრის, ლეგენდის თუ მითის გმირი თვალსაჩინო მაგალითია ერის საიდენტიფიკაციოდ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა გმირს - ერის არ იყოს - მასზე ბევრად ძლიერის დაჯაბვნა აქვს განზრახული...

არცთუ მრავალრიცხოვან ერებს ნაკლებად მოეძებნებათ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც მაინც და მაინც (ან მხოლოდ) ფიზიკური ძალით დაჯაბნიდნენ თავიანთ მეტოქეებს, ამიტომ როგორც წესი, ასეთთა ძალა ჭკუა და გამჭრიახობაა.

ბერძენმა ოდისევსმა აუცილებლად უნდა მოატყუოს კაციჭამია ციკლოპი, თორემ პირდაპირ რომ შეებას, რა შეხსენება ამას უნდა, ვერაფრით გადაურჩება. მერე რა, რომ ციკლოპს ერთი თვალი აქვს.

აგერ, ღონიერი ჰერაკლეც კი ვერაფერს აკლებს მზაკვარ და უძლეველ ანტეოსს, ვიდრე მეტოქის საიდუმლოს არ გაიაზრებს: ანტეოსი დედამისი გეასგან იღებს ძალებს, ამიტომ რაც ნაკლებად შეეხება დოპინგ-დედამიწას, მით უფრო მალე და იოლად გაიმარჯვებს მოაზროვნე ჰერაკლე...

გერმანელი რომ გერმანელია, მრავალრიცხოვანი ერი, ისიც კი დიდად იმედიანად ვერ არის თავის უშიშარ ზიგფრიდთან ერთად, რადგან ამ ბრგე და ყოჩაღი ვაჟკაცის ცხოვრებას არცთუ ბედნიერი დასასრული აქვს, მართალია, ის მამაცი და კუნთმაგარია, მაგრამ ძალა და ნება ყოველთვის გამარჯვებას არ ნიშნავს, ამიტომ ამ ერს ისევ ის ურჩევნია, რაციონალური და იღბლიანი ჰანსი ყავდეს იმედად.

ჩამოთვლა შორის წაგვიყვანდა, ამიტომ ახლა ისღა უნდა ვიკითხოთ, ჩვენ კი რომელი ზღაპრის გმირი წარმოგვაჩენს ყველაზე დამაჯერებლად?

ვინ არის (ანკი ვინ უნდა იყოს) ჩვენი სულის (თუ რისიც გნებავთ) ჭეშმარიტი გამომხატველი? ჩვენი მთავარი გმირი და სახე...

ზოგადად, როგორც წესი, ისტორიულ და ლიტერატურულ გმირებთან ვცდილობთ იდენტიფიკაციას და ხან დავით აღმაშენებლების აღმოცენებას ველით ჩვენში და ხან შუშანიკივით მsხვერპლად შეწირვა გვეჩვენება რაიმე ქმედების ლოგიკურ დასასრულად, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი მთავარი გმირი სრულიად არაიდეალური და გამაოგნებლად მრავალი მინუსით აღჭურვილი, მოსაწყენად ნერვებმომშლელი და მაინც ძალიან საყვარელი, თითქმის ყველა მახასიათებლით ჩვენნაირი ნაცარქექიაა, გმირი, რომელსაც შესანიშნავად მოეხსენება, სად, როგორ და რით შეუძლია მასზე წარმოუდგენლად ძლიერი მტრის დამარცხება...

როცა ნაცარქექია დევზე ბევრად სუსტია, მაგრამ სადგისს კი

სწორედ იმ დროს და ისე ურჭობს მხარში, რომ დევს ეჭვი არ ეპარება - ეს მართლაც ღმერთს ეჭიდება ცალი ხელითო...

ნაცარქექიას არა მხოლოდ დევი, არამედ ბევრი სხვაც დაუმარცხებია, როცა შიშისა და ობიექტური სისუსტის მიუხედავად, სწორედ ჭკუით და მოხერხებული თანმიმდევრულობით მიუღწევია მიზნისთვის.

სტრატეგია ნაცარქექია სწორედ ამას გვასწავლის: დევმა ჭკუით არ უნდა გაჯობოს.

სტრატეგია ნაცარქექია 2020
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG