Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირანი და გენიოსი – სტალინი და ვაჟა-ფშაველა


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს სტალინის დამოკიდებულებაზე დიდი ქართველი გენიოსის, ვაჟა-ფშაველასადმი. 1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანს და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება. ეს იყო ისტორია, რომელმაც შეძრა იმ პერიოდის საქართველო. ეს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, ურთულესი მოსახვევი, როდესაც საქართველოს მოუწია იმის აღიარება, რომ ბელადის გემოვნება გადამწყვეტია ბევრ საკითხში, მათ შორის, ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში. კანდიდ ჩარკვიანის წიგნში „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“ ვკითხულობთ: „1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო.“ როგორც გაირკვა, ვაჟას თხზულებების გაგზავნით, კანდიდ ჩარკვიანმა დაღუპა ვაჟა-ფშაველაც, საკუთარი თავიც და გერონტი ქიქოძეც, რომლის წინასიტყვაობაც ახლდა ამ გამოცემას... „გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ...“ საუბრის დროს, სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდ ჩარკვიანს ვაჟა გენიოსად მიაჩნდა, სტალინი ფიქრობდა, რომ ის გენიოსი არა, მაგრამ დიდი ტალანტი იყო, ჩამორჩენილი მსოფლმხედველობით. რატომ ფიქრობდა სტალინი, რომ ვაჟა არც ერთ მასშტაბურ პრობლემას არ სვამს და ფშავლების, ხევსურებისა და ქისტებს უმნიშვნელო დაპირისპირებების გარდა, არაფერს აღწერს; საქართველოს არც ეკონომიკურ და არც კულტურულ განვითარებას არ ამჩნევს; ასეთი საკითხები მის ყურადღებას არ იქცევს; ვაჟა-ფშაველას ენა – პროვინციულია, არაპოეტური. აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, მართალი იყო, როცა მას ენას უწუნებდა – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG