Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა აღარ დააფინანსა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა

გარეკანზე: ქართველოლოგიის პროგრამის დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წლის 22 სექტემბერს. საქართველოს მთავრობის ფოტო
გარეკანზე: ქართველოლოგიის პროგრამის დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წლის 22 სექტემბერს. საქართველოს მთავრობის ფოტო

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა.

ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, - რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, - „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.

  • დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.
  • ასევე, 2026 წლის ზაფხულში გამოცხადებული იყო რეგისტრაცია ქართულის ენის შემსწავლელ დაწყებით კურსზე, რომელზე რეგისტრაციის ბოლო თარიღიც 24 აგვისტო იყო, თუმცა 21 აგვისტოსთვის მისი სტატუსი განსაზღვრულია, როგორც „გაუქმებული“.

„პოლიტიკური მოტივი“

ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2026 წელს აცნობა ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომ დაფინანსებას წყვეტდნენ:

„მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი [სტივენ ჯონსი] ტენდენციური კაციაო, ესე იგი, ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო“, - დაწერა კობახიძემ.

  • პროფესორმა სტივენ ჯონსმა 2024 წელს მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“ და განაცხადა, რომ კანონის მიღება დაასრულებდა საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. მან ამ საკითხზე ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
  • 2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, - რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.

საქართველოს განათლების სამინისტრომ 2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში დაწერა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის ანგარიშგება არ წარმოუდგენია:

„პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა“, - წერს სამინისტრო.

„გაზომვადი შედეგები არ წარმოუდგენიათ“ - სამინისტრო

სამინისტროს განცხადებით, ჰარვარდის უნივერსიტეტს ასევე სთხოვა „შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა“, თუმცა, სამინისტროს მტკიცებით:

„პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს“.

„ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე“, - აცხადებს სამინისტრო.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს“, - წერია განცხადებაში.

სამინისტრო დასძენს, რომ „გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას“.

პროგრამის შესახებ

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2023-26 წლებში ფუნქციონირებდა. მისი დაარსების შესახებ შეთანხმება 2021 წელს, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მოხდა.

პროგრამის დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება აშშ-ში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

  • ღონისძიებას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მაშინ იყო მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას.

საქართველოს მთავრობა 2021 წლის 23 სექტემბერს წერდა:

„პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან“.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე, - რომელიც 2022 წელს იყო დეივისის ცენტრის მიწვეული მკვლევარი, - წერს, რომ საქართველოს შემსწავლელი ეს პროგრამა სტივენ ჯონსის თაოსნობითა და განათლების სამინისტროს $2.4 მლნ-იანი დაფინანსებით დაფუძნდა.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა“, - წერს ისტორიკოსი.

„ფაქტობრივად, დაიხურა“

იგი ასეთი მცდელობის მაგალითად ასახელებს 2023 წელს საქართველოში „აგენტების კანონის“ პირველ ჯერზე მიღებისას იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს, ჰარვარდში ჩასულიყო და ლექცია წაეკითხა.

„ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ.“ - წერს ისტორიკოსი კობახიძე.

მისი განცხადებით, პროგრამის ხელმძღვანელმა სტივენ ჯონსმა სცადა ქართული ბიზნესი დაეინტერესებინა პროგრამის დაფინანსებით, თუმცა უშედეგოდ.

„პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი. თუ ვინმეს ეს პოსტი კეთილშობილური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს, შეიძლება პროგრამის გადარჩენას სულზე მიუსწროთ“, - წერს იგი 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG