Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციას შეხვედრას #სირცხვილია და სხვა მოძრაობები არ ესწრებიან


მოძრაობა #სიცხვილია, რომელიც ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, 30 ნოემბერს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ, რომელიც ე.წ. "გერმანულ მოდელზე" გადასვლაზე მსჯელობისთვის ტარდება, განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მათთვის მოლაპარაკების ფორმატი, რომელშიც სამოქალაქო სექტორი ჩართული არ არის, მათ ეჭვებს უჩენს.

"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, პროტესტი ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოაჩინოს და უთანხმოების კერები გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში.

თუმცა, თუ მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ბიძინა ივანიშვილი წავა დათმობაზე, შემოთავაზებული ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს მისი ობსტრუქციის მორალური უფლება.

თავის მხრივ, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილმა პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად - პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით და არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებები აქციოს პოლიტიკურ ფარსად, გამოიყენოს დროის გასაყვანად და საზოგადოების კიდევ ერთხელ მოსატყუებლად." - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან სამოქალაქო პროტესტის ერთადერთი წამმართველები და რომ სამოქალაქო საზოგადოება არასდროს შეურიგდება პოლიტიკურ კომპრომისებს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე.

შეხვედრამდე აკაკი ბობოხიძემ ევროპული საქართველოდან თქვა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება თითო პარტია ორი წევრით.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. „გერმანული მოდელის“ შეჯერებულ პროექტს. პროექტი ახლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა უცხოელი დიპლომატების ინიციატივით გაიმართება.

შეხვედრა 30 ნოემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG