Accessibility links

site logo site logo

შემთხვევით გადარჩენილი წმინდა ნინო


ის, რაც შეუძლებელი გვგონია, შესაძლებელი ხდება, როცა ადამიანის - შვილის - სიცოცხლეზე მეტად კაცის პატივმოყვარეობა და დანაშაულებრივი მორალიზმია ფასეული.

აგამემნონი, მამა, ღმერთებს მსხვერპლად სწირავს ქალიშვილ იფიგენიას, რათა გამარჯვებული დაბრუნდეს ტროის ომიდან, რადგან, ბოლოს და ბოლოს, რა დიდი ღირებულება აქვს ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს, როცა საპირწონედ კაცის პატივმოყვარეობა დგას?! კაცების ამბიცია ხომ ყოველთვის მთავარი არგუმენტია.

ეჭვიანი იაჰვე შვილის შეწირვას ითხოვს აბრაამისგან მისი ერთგულების გამოსაცდელად, აბრაამისთვის კი შეუძლებელია ჭოჭმანი, როცა საქმე შიშსა და წესებს ეხება, ის უმაღლესი მორალის სახელით აპირებს ყველაზე ამორალური დანაშაულის ჩადენას - შვილის მკვლელობას, რადგან კაცების კანონებს მსხვერპლი ესაჭიროება...

აბრაამი ამორალური მორალისტია, მორალური მკვლელი.

თუმცა უფლის ანგელოზი მას უკანასკნელ წამს დაუჭერს შვილის კისერთან დაწეულ ხელს და ისააკი გადარჩება, რაკი (ისააკისავე საბედნიეროდ) ეჭვიანი ღმერთი ხილულად დარწმუნდება თავისი მონის ერთგულებაში.

ქრისტიანული პარადიგმა კი ამ მოდელს რადიკალურად ცვლის: აქ ღმერთი კი არ ითხოვს მსხვერპლად ადამიანს, არამედ თავად ღმერთი ეწირება ადამიანს მსხვერპლად.

მაგრამ ეს ზნეობრივად და ფილოსოფიურად ქრისტიანულ სივრცეში, აქ კი, ჩვენთან - იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს, - რომელ მორალზე გვაქვს პრეტენზია, როცა კაცები (სწორედ კაცები - თავიანთი კაცური მცნებებით) შეურყეველ დოგმებად აწესებენ ველურად მორალისტურ კანონებს, სადაც მართალი მამებისა და ბაბუების რწმენით, 14 წლის მოზარდს თავი თურმე იმიტომ მოუკლავს, რომ დანაშაული გამოესყიდა, და სადაც ტვინშერყეული, სულ და ბიოგრაფიებწაწყმედილი მღვდლები ამბიონებიდან ქადაგებენ, რომ უვარგისად ცხოვრებას თურმე ბავშვობაშივე სიკვდილი სჯობია...

ვის და რას ეწირებიან ეს ბავშვები? ამჯერად ნამდვილად არა ტროის ომს, არამედ კაცების თავდაჯერებულ იდიოტიზმს და გადაუშენებელ, გადახრწნილ, ჩამპალ და მაინც არგამქრალ და მძლავრ ბნელ-კრიმინალურ პატრიარქატს... სადაც მკვლელს ხელს არავინ დაუჭერს უკანასკნელ წამს!

რომელ ქრისტიანობაზე ქაქანებს ეს უგულო ბრბო?

დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, ფარავნიდან მცხეთამდე ვერც მოაღწევდა - გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ კიდეც.

და მერე თავს გაიმართლებდნენ, აბა, პატიოსან ქალს მარტო რა უნდოდაო...

დამნაშავე აქ ხომ ყოველთვის მსხვერპლია.

კიდევ კარგად გადაგვირჩა ქართველთა განმანათლებელი...

შემთხვევით გადარჩენილი წმინდა ნინო
please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG