Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოდერლო დე ლაკლო, "სახიფათო კავშირები"


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს მეთვრამეტე საუკუნის ცნობილ წიგნზე, რომლის მთავარი გმირი თავად სიყვარულია. იგულისხმება სტენდალის მთავარი წინამორბედის, პიერ შოდერლო და ლაკლოს, ეპისტოლარული ჟანრის შედევრი „სახიფათო კავშირები“, რომელიც ევროპულ ლიტერატურაში ერთ-ერთ პირველხარისხოვან ფსიქოლოგიურ რომანად ითვლება. ამ წიგნის ღერძი მარკიზა დე მერტეისა და ვიკონტ დე ვალმონის წერილებია, სავსე სიყვარულით, სიძულვილით, თვალთმაქცობითა და მზაკვრობით. წიგნის სიუჟეტური ხაზი პირწმინდად ფრანგულია: მოღალატე საყვარლის დასჯის სურვილით აღძრული ქალი თავის იდეურ თანამზრახველს სთხოვს, ყოფილი საყვარლის მომავალი საცოლე აცდუნოს... რატომ არ შეუსრულა თხოვნა ვიკონტმა მარკიზას, ვინ იყო პრეზიდენტის მეუღლე მადამ დე ტურველი და რატომ არჩია ვალმონმა აუღებელი ციხესიმაგრის დაპყრობა თხუთმეტი წლის მდიდარი პანსიონერის ცდუნებას; ვინ იყო შევალიე დანსენი და რატომ იქცა მისი გვარი ჯერ მერყეობისა და სისუსტის, ხოლო შემდეგ ულმობელი მკვლელის სიმბოლოდ; რატომ დაიმსახურა გრაფმა ჟერკურმა მარკიზა დე მერტეისაგან დაუნდობელი შურისძიება; როგორ დასცინა ბედმა თავის ოდინდელ ნებიერ ქალს; რატომ სცემდა შოდერლო დე ლაკლოს დიდ პატივს მისი სულიერი მემკვიდრე, დიდი სტენდალი; რატომ იქცა ეს წიგნი კინოს ერთ-ერთ პოპულარულ საფუძვლად, რომელმაც ჟერარ ფილიპის, კოლინ ფერტის, ჯონ მალკოვიჩის, ჟანა მოროს, ანეტ ბენინგის, გლენ კლოუზის, მიშელ პფაფიერისა თუ სხვათა სახელები მიიზიდა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG