Accessibility links

site logo site logo

შსს-მ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება 15 წლის მოზარდს


„ყველა კითხვას ვუპასუხებ, აქ ზუსტად ამისთვის ვარ“, - მიუხედავად ამ დაპირებისა, შსს-ში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებულ წარწერებსა და მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს, არ გაუცია პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე, გახდა თუ არა 15 წლის მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ და რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 15 წლის მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ გახდა, მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ცაციაშვილმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ მოზარდი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის გარეშე არ გამოკითხულა, რადიო თავისუფლების კითხვაზე, საიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოზარდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა გამოკითხვაზე, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მოზარდს რამდენიმე წუთის განმავლობაში მართლაც ესაუბრა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე:

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე. და რეალურად, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით, მასთან მოხდა მხოლოდ 3-4-წუთიანი კომუნიკაცია“.

15 დეკემბერს, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი მოულოდნელად დაინიშნა. როგორც უწყება განმარტავს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შსს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, შეტყობინება პოლიციაში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერისგან შევიდა. „გამოიკითხნენ შეტყობინების ინიციატორი, სკოლის მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო მწვანე სკოლის კედლების დაზიანების ფაქტი. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში დატოვა პოლიციის შენობა“.

მანამდე გავრცელებული ცნობით, მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მართლაც ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მივიდა და იქ, შესაბამისად, 6 და ერთი საათი დაჰყო. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრებოდა, თუმცა მას ორჯერ, თითო-თითო საათით, დოკუმენტების მოსატანად მოუწია გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო დარჩა.

ოჯახის ინტერესების დამცველმა, რევაზ აჭარაძემ, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას მოუთხრო, რომ დედის არყოფნის პერიოდში „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.

მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG