Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი თეატრის ყოფილმა მსახიობებმა წერილი მიიღეს - მათგან მოითხოვენ უმუშევარი 5 დღის ხელფასის დაბრუნებას

მსახიობები ეკა დემეტრაძე და ნანკა კალატოზიშვილი
მსახიობები ეკა დემეტრაძე და ნანკა კალატოზიშვილი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის ყოფილმა (სულ მცირე) ორმა თანამშრომელმა წერილი მიიღეს, რომლითაც ადმინისტრაციამ მათგან უმუშევარი ხუთი სამუშაო დღის ტოლფასი თანხის დაბრუნება მოითხოვა. წერილები სოციალურ ქსელში მსახიობებმა ეკა დემეტრაძემ და ნანკა კალატოზიშვილმა გაავრცელეს.

„დახვრეტის მერე, ოჯახის წევრებს ტყვიის ფულს რომ ახდევინებდნენ... რა ვერ დავსვი წერტილი?! იმედია, ეს ბოლოა!“ - დაწერა ნანკა კალატოზიშვილმა.

რა წერია წერილში?

თეატრის ადმინისტრაცია, დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, ლევან აბულაძე მათ წერს, რომ 20 თებერვალს მსახიობებმა აიღეს თებერვლის თვის სრული ხელფასი, თუმცა მათ თანამდებობა დატოვეს 23 თებერვალს.

„ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე... გთხოვთ არაუგვიანეს 31 მარტისა დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის ანაზღაურება“, - წერია ნანკა კალატოზიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის ბოლოშიც დაკონკრეტებული თანხის ოდენობა, 240 ლარი და 10 თეთრი.

მსგავსი წერილი მიიღო ეკა დემეტრაძემაც.

რადიო თავისუფლებას სურდა ორივე მათგანთან საუბარი, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კომუნიკაცია შედგა, თუმცა, კომენტარის გაკეთება არ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან აბულაძემ.

რატომ დატოვეს თეატრი მსახიობებმა?

თეატრის შენობიდან დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნის გამო ახალი თეატრი დატოვა მისმა რამდენიმე კოლეგამ:

  • ეკა დემეტრაძემ;
  • გივიკო ბარათაშვილმა;
  • კახა კინწურაშვილმა;
  • ნანკა კალატოზიშვილმა;
  • ტასო ჭანტურაიამ;
  • დავით ბეშიტაიშვილმა;
  • მანუ თავაძემ;
  • ლუკა ჯაფარიძემ;
  • ირაკლი ჯაფარიძემ.

„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი“, - ამის მსგავსი ტექსტით ამცნეს მათ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ.

ორი დღით ადრე, 19 თებერვალს, ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობების ცნობით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ამას პროტესტი მოჰყვა, ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა, მათ შორის მათ, ვინც თეატრი დატოვეს, ის თავიდან აღმართეს და გადმოჰკიდეს ისე, რომ ფასადზე „რუსთავი 2-ის“ პროექტის სარეკლამო ორი ბანერის გვერდით აღმოჩნდა. მასზე დიდი ასოებით ეწერა: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.

რატომ არის ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში?

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ათობით სხვა დემონსტრანტთან ერთად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

თეატრი, რომელიც ჭიჭინაძის დაპატიმრების გამო თვეების განმავლობაში საპროტესტო ტალღაში იყო, რეგიონებში ჩავიდა და პერფორმანსებით მხარდაჭერა გამოუცხადა აქციებისას დაპატიმრებულებს.

მოგვიანებით, 2025 წლის აპრილში „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს რეჟისორი დავით დოიაშვილი - სწორედ მისი ინიციატივით იმართებოდა საპროტესტო მანიფესტები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG