Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცის დაკეტვა“ აბასთუმნის თავზე - ვინ რას ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ

რადიო თავისუფლებამ 15 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით: „აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ - ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის“?
რადიო თავისუფლებამ 15 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით: „აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ - ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის“?

ეკონომიკის სამინისტრო, შპს „საქაერონავიგაცია“, ასევე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას აბასთუმნის თავზე „ცის ჩაკეტვის“ შესახებ.

უწყებები ამბობენ, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დღეს ამოქმედებული ცვლილებების შემდეგაც „სრულადაა დაცული“, „გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე“ და არც შემოსავლების კლებას გამოიწვევს.

„ქართულ ოცნებაში“ კვლავ საუბრობენ საქართველოს „ეკონომიკურად დაზიანების“ გეგმაზე „რადიკალური ოპოზიციის“ მხრიდან; ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის „დიქტატორული ახირებაა“.

რა ხდება?

რადიო თავისუფლებამ 15 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით: „აბასთუმნის თავზე „ცა იკეტება“ - ობსერვატორიისთვის თუ ივანიშვილისთვის“?

ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად:

  • 16 აპრილიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც აბასთუმნის თავზე 52-კილომეტრიან დიამეტრზე სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებს ფრენა აეკრძალათ;
  • სახელმწიფო ამას იმით ასაბუთებს, რომ ეს ობსერვატორიას სჭირდება; ეს სურვილი ობსერვატორიას წარსულშიც ჰქონია - თუმცა არ უკმაყოფილებდნენ;
  • „რადიო თავისუფლებას“ კი ინფორმირებული წყაროები ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნით დაინტერესებას უკავშირდება.
  • აბასთუმნის თავზე ფრენის უფლება მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს ექნებათ, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ - ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

რას ამბობს „საქაერონავიგაცია“?

„საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი 16 აპრილს გავრცელებულ ვიდეოკომენტარში ამბობს, რომ შეზღუდვის დაწესებისას „სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“.

მისი თქმითვე:

  • „საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება სრულადაა დაცული“;
  • „საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის“.
  • ცვლილება „გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, მის გამტარუნარიანობაზე“.

„საქაერონავიგაცია“ არის საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მაკონტროლებელმა უწყება.

რადიო თავისუფლებას 7 აპრილს ჰქონდა გაგზავნილი შეკითხვები „საქაერონავიგაციისთვის“, თუმცა პასუხები სტატიის არც გამოქვეყნების დროისთვის და არც 16 აპრილისთვის არ მიუღია.

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „რატომ გახდა საჭირო შეზღუდვის დაწესება UNL (უსასრულო) სიმაღლემდე, მაშინ როცა საერთაშორისო პრაქტიკით ობსერვატორიების თავზე აკრძალვა მხოლოდ დაბალ სიმაღლეებს (მაგ. 5,000–6,000 ფუტამდე) ეხება“?

ცის სრული ჩაკეტვა GND-UNL (მიწიდან - უსასრულობამდე, განუსაზღვრელად) საქართველოსთვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მხოლოდ აბასთუმნის ობსერვატორიის გარშემო ვრცელდება.

მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საჰაერო ზონებში შეზღუდვებს ადგენს, ასეთი მკაცრი აკრძალვა სხვაგან არ გვხვდება. საქართველოში უსასრულო სიმაღლეზე აკრძალვა არც სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზეა დაწესებული.

რას ამბობს ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის კომენტარი - ისიც ამბობს, რომ არსებული საჰაერო ტრასები არ უქმდება.

მისი თქმით:

  • ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას ემსახურება;
  • ობსერვატორიის ეფექტიანი ფუნქციონირება „პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე“;
  • ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინაც მიმართა შესაბამისი თხოვნითა და დასაბუთებით;
  • ცვლილება „უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის“;
  • „არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას“;
  • მისი თქმითვე „სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“.

მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრო ვრცელ განცხადებაში დაწერა:

  • „ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა;
  • დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება“.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

მმართველი გუნდის წევრებმა რადიო თავისუფლების გავრცელებული ინფორმაცია „რადიკალურ ოპოზიციას“ დაუკავშირეს.

„არ ვიცი, ახლა მე რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში ამაზე თავდასხმა და არდაშვება, - ეს არის მთავარი მიზანი, რაც აქვთ“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

„ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ არის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ეს ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა:

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ“?

რას ამბობენ ოპოზიციაში?

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა თქვა, რომ საქართველო „ტრაგიკული რეალობასა“ და „კლასიკურ კარიკატურულ დიქტატურაში ცხოვრობს“.

„თავისი სახლის თავზე ცას კეტავდა მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები. ივანიშვილიც ასეთი კაცია, ახირებული ბერიკაცი თავისი შიშებით, სურვილებით და შესაძლებლობით, რომ რაც უნდა ის აკეთოს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

პარტია „ახალის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ „ტვ პირველს“ უთხრა: „როდესაც ამ გამტარუნარიანობის თითქმის მესამედი ჩაკეტა ივანიშვილმა თავის თავზე იმის გამო, რომ კომფორტი არ დაერღვეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ასობით მილიონი ლარის შემოსავალი აგრეთვე მესამედით შემცირდება“.

„ეს მას შემდეგ ხდება, რაც ივანიშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით შემოიღობა ტერიტორია და მეტწილად სახელმწიფოს ფულით მოაწყო ინფრასტრუქტურა. ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ის არ შეაწუხოს ცაში კვამლმა, ხმაურმა, და ცა და ჰაერი იყო ისეთი სუფთა, როგორც მას წარმოუდგენია“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე მოკლე კომენტარით გამოეხმაურა ჟურნალისტურ გამოძიებას: „საყურადღებო, სახიფათო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება! არც განმარტება… ცაც ბიძინასია“?

ჟურნალისტური გამოძიება - სხვა დეტალები

2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები შეიცვალა.

თვითმფრინავებისთვის ცა დაიკეტა აბასთუმნის თავზე - მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბის გარშემო 52 კმ. დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

თუმცა რადიო თავისუფლებას წყაროები სახელმწიფო უწყებიდან და საავიაციო ინდუსტრიიდან ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცაზე ახალი შეზღუდვები ასტროკლიმატზე მეტად აბასთუმნის კლიმატით ივანიშვილის დაინტერესებას უკავშირდება.

ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.

აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.

არასაფრენი ზონა ზუსტად იმ მონაკვეთში ჩნდება, სადაც სივრცე ისედაც შეზღუდულია კავკასიონის რელიეფის გამო.

ვრცლად გამოძიება წაიკითხეთ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე:

ფორუმი

XS
SM
MD
LG