Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთ ადვოკატზე თავდასხმა ყველა ადვოკატზე თავდასხმაა“ - ელიზბარაშვილის ადვოკატზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატ ია სარანაშვილის თქმით, მასზე პოლიციელებმა იძალადეს.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატ ია სარანაშვილის თქმით, მასზე პოლიციელებმა იძალადეს.

პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აღიძრა. სირანაშვილი ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატია.

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ - „გადაუგდეს ტელეფონი, წააქციეს, წიხლებით შედგნენ, ღვიძლში ურტყეს ფეხები, წიხლები“ და არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

ადვოკატი ია სირანაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობს
please wait
ადვოკატი ია სირანაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობს

No media source currently available

0:00 0:02:13 0:00

მოგვიანებით ადვოკატი სამედიცინო კვლევებისთვის „ვივამედში“ გადაიყვანეს. 2 სექტემბერს მან კლინიკა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

„ყველაფერი დაბეჟილი მაქვს, დახველებაც კი მიჭირს იმიტომ, რომ მარჯვენა მხარე ძალიან მტკივა. ლოყა მაქვს შესიებული, მარცხენა ხელი მტკივა, დაჯდომა და ადგომა მიჭირს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ია სირანაშვილმა.

ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციასაც და ამბობს, რომ „აღნიშნულ მუხლს უნდა დაემატოს 364-ე და 365-ე მუხლები…“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი ეხება სამართალწარმოების, გამოძიების ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლას. 365-ე მუხლი კი გულისხმობს მუქარას ან ძალადობას სამართალწარმოების, გამოძიების ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით.

სირანაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გავრცელებული ვიდეოების ნახვა ჯერ ვერ შეძლო, მას არც ეფექტიანი გამოძიების იმედი აქვს. „ერთადერთი, მაქსიმუმ შეიძლება გააკეთონ ის, რომ ერთ კაცს შეახოცონ ეს ყველაფერი და დანარჩენი დატოვონ გარეთ. ეგეც თუ გააკეთეს.“ ადვოკატი ამბობს, რომ მას ფიზიკურად 5 პოლიციელი გაუსწორდა.

რა ხდებოდა ელიზბარაშვილის სახლში, სადაც, ადვოკატის თქმით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ?

1-ელ სექტემბერს ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ლისის ტბის ტერიტორიაზე ცოლთან და შვილთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.

მოგვიანებით პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა ელიზბარაშვილის სახლშიც, სადაც იმყოფებოდა მისი ადვოკატი, ია სირანაშვილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

თამაზ ელიზბარაშვილმა ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე, 31 აგვისტოს ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის” თანამშრომლებს მიმართავდა - „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან ,,სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად!!!“

იქამდე გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ „იმედის“ თანამშრომლებმა რესტორანში ყოფნისას მას გზა გადაუკეტეს და მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა. „მაგრად არ „გვევასები“ შენი პოსტებით, თან უკრაინას რომ უჭერ მხარს, მაგრად არ „გვევასებიო“. რუსები რატომ არ „გევასება“ და უკრაინას რატომ უჭერ მხარსო“, - იხსენებს ელიზბარაშვილი „იმედის“ თანამშრომლებთან საუბრის დეტალებს.

ცხოველთა უფლებადამცველი 1-ელ სექტემბერს თავის სახლში პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ერთი ადვოკატის საქმე თუ „ინსტიტუციური დამცირება“?

ადვოკატ სირანაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობას გამოეხმაურნენ სხვა ადვოკატებიც - მათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს განცხადებები, ვიდეომიმართვები და საგამოძიებო უწყებებს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

„ადვოკატს რომ პოლიციელმა შეიძლება სცემოს, საქმიანობაში ხელი შეუშალოს და ამაზე პასუხს არავინ აგებს - ერთი ადვოკატის პრობლემა არ არის, ინსტიტუციური დამცირებაა“, - წერს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

მისი კოლეგა გუჯა ავსაჯანაშვილი კი სირანაშვილის შემთხვევას ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად აფასებს:

„ერთ ადვოკატზე თავდასხმა ნიშნავს ყველა ადვოკატზე თავდასხმას. ეს არ უნდა შერჩეთ!“

პროფესიული სოლიდარობის მნიშვნელობაზე წერს იურისტი მარიამ ჩხეიძე. მისი თქმით, ეს შემთხვევა უნდა იქცეს პროფესიის ერთიანობის მაგალითად.

„ეხები ადვოკატს? ეხები მთელ ადვოკატთა კორპუსს და ჩვენ ნამდვილად არ ვართ ცოტა! ადვოკატების ერთიანობის ძალა არ უნახავთ და აუცილებლად ნახავენ! ეს საქმე უნდა გახდეს ერთობის მაგალითი! ისეთი ერთობის მაგალითი, ხელით შეხება კი არა, ტონის აწევაც კი ვერ გაბედონ ვერასდროს!“

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი კი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საგამოძიებო უწყებების მხრიდან ადვოკატების მიმართ უკანონო მოქმედების შემთხვევები.

„ვფიქრობ, ამ ბოლო დროს ადვოკატების მიმართ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უკანონო მოქმედებებმა იმატა. გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ჩვენშია, ისინი ვერ ხვდებიან, რა ფუნქცია გვაკისრია ჩვენ და კიდევ უფრო ვერ ხვდებიან, რამხელა ძალას წარმოვადგენთ. სოლიდარობა ადვოკატს.“

სირანაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობას გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს - „ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ ძალადობა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის უფლებებს, არამედ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას.“

სირანაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციამაც. ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ფეისბუკზე „ვივამედთან“ გადაღებული „სელფიც“ გამოაქვეყნა.

„როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მე ვარ და ვიქნები ჩემს კოლეგებთან ერთად იქ, სადაც ადვოკატის უფლებებისა და ინტერესების დაცვა მოითხოვს ჩვენს ყოფნას“, - დაწერა ყანდაშვილმა ფოტოს აღწერაში. მან ასევე აღნიშნა, რომ „ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და, მით უმეტეს, მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!“

როგორ იცავს კანონი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას?

ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი ამბობს, რომ „დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.“

ადვოკატებზე ძალადობისა და მათი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევების ზუსტი სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ უცნობია, რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვები.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა ელიზბარაშვილის სახლში, ვინ იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც ადვოკატ ია სირანაშვილს, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG