„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციისა და შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიების გაუქმება გადავწყვიტეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო პრობლემა და სიტუაციის შემდგომი გართულება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეწყვეტილია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, უკვე გაყიდული ბილეთების თანხა მომხმარებლებს სრულად დაუბრუნდებათ.
Live-კონცერტი თბილისში 25 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერატ მერტ დემირმა რამდენიმე კვირის წინ სოხუმში კონცერტი გამართა, საიდანაც სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოა გავრცელებული.
არტისტის Instagram-გვერდზეც გამოქვეყნებულია სოხუმში გადაღებული ვიდეო, თუმცა პოსტში ქალაქი მითითებული არ არის.
ბერატ მერტ დემირი ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან შევიდა - სოხუმამდე ის სოჭში უკრავდა.
თუ ეს ასეა, მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მიმართულებიდან უშვებს, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
ფორუმი