საუბარია 5 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე. ამ დღეს:
- პროევროპული აქციების მონაწილეებმა მსვლელობით ჩაიარეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან - წინა დღეებში ამ ადგილას დაძაბულობა უკვე არსებობდა.
- მარშის მონაწილე დემონსტრანტების მიერ „ოლე, ოლას“ სიმღერას „ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტებს აგინეს.
- გინება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
რას აკეთებს მიქელაიშვილი
რადიო თავისუფლებამ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გადაღებულ კადრებში ილია მიქელაიშვილი ამოიცნო. სცენა ასეთია:
პოლიციელებს რკინის ჯებირები აქვთ ჩადგმული დემონსტრანტებსა და „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის.
ამ დროს ილია მიქელაიშვილი შტაბის მხარესაა, პოლიციელებით გარშემორტყმული.
შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება:
- იგი მარჯვენა ფეხს იქნევს დემონსტრანტების მიმართულებით - სავარაუდოდ, არტყამს ჯებირს.
- შემდეგ მარცხნივ რამდენიმე მეტრს გადის და „ოცნების“ სხვა მხარდამჭერს ხელით წინ უბიძგებს.
- ორიოდე წამში თავადაც კვლავ იქნევს ფეხს ერთ-ერთი დემონსტრანტის მიმართულებით, - ფეხის გაქნევისას ზურგითა და თავით უკან იწევა, რა დროსაც წონასწორობას პოლიციელსა და „ოცნების“ სხვა მხარდამჭერზე ხელის მოკიდებით იცავს.
იმავეს აკეთებს რამდენიმე წამში, - ამ დროს მას უკვე სამი პოლიციელი აჩერებს. ყვირილს აგრძელებს. ვიდეოში არ ისმის, რას ყვირის. წიხლს არაერთხელ იქნევს.
რამდენიმე წამში მარჯვნივ და წინ გადმოიწევს, - კვლავ ცდილობს გაგრძელებას, თუმცა თანამოაზრეები უკან ექაჩებიან.
ვინ არის ილია მიქელაიშვილი
41 წლის ილია მიქელაიშვილი, რამდენიმე კომპანიის „დამფუძნებელი“/მეწილეა, მათ შორის: „პირველი“, „აგროგეო“, „დიასპორული მედიის ასოციაცია“, „აი ტი თრეიდი“ და მედიაჰაბი „სეილსჰაუსი“.
2025 წლის ბოლოს მიქელაიშვილს სურდა კომუნიკაციის კომისიის (ComCom-ის) წევრობა - თუმცა კომისიაში დასაქმდა მისი კონკურენტი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა, - რომელიც 2026 წელს კომისიის თავმჯდომარე გახდა.
- მიქელაიშვილი 2019-21 წლებში იყო GWP-ის ოპერაციების აღრიცხვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
- 2015-21 წლებში - საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი; იყო საბურთალოს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელიც - ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და განვითარების მიმართულებით;
- 2014 წელს იყო ვაკის გამგეობის კონსულტანტი;
- 2010-11 წლებში ის იყო „ვისოლის“ დებიტორების მართვის მენეჯერი.
- 2007-10 წლებში იყო „ბანკი რესპუბლიკის“ საცალო მომსახურების ოფიცერი.
რუხაძე „იმედს“ დაემშვიდობა
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, - რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, - ტელეკომპანია „იმედთან“ „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს და გაყიდეს - „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად.
ირაკლი რუხაძე 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა“.
მისი თქმით, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“ (PMG), - კომპანიაზე, რომელიც, მისი თქმითვე, „მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე“.
„პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი.
დღეის მდგომარეობით, მისი კომპანია უკვე ფლობს იმ კომპანიას, რომლის საკუთრებაშიც არის „ტელეიმედი“ გაფორმებული. ეს არის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“.
ამჟამად კომპანიის 100%-იან წილს მიქელაიშვილი ფლობს, თუმცა წილების ნახევარი - 10-10 პროცენტი - უნდა გადაუფორმოს ხუთ ადამიანს: „იმედის“ გენერალურ დირექტორსა და მის ოთხ მოადგილეს.
2025 წლის ზაფხულის მდგომარეობით, "იმედის" დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 17 მილიონამდე ლარს შეადგენდა.
ფორუმი