Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას უხელმძღვანელებს მიტროპოლიტი შიო, ტახტის მოსაყდრე - სინოდის განჩინება

სინოდმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი
სინოდმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოში შეიკრიბა სინოდის სხდომა, რომლის დროსაც პატრიარქის დაკრძალვის თარიღზე შეთანხმდნენ - მას კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ სიონის ტაძარში.

სხდომის შემდეგ სინოდის განჩინება წაიკითხა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. მისი ვიდეომიმართვა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

„სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, - განაცხადა მან.

ეს ნიშნავს, რომ ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მართავს მიტროპოლიტი შიო.

  • 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
  • შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
  • გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ.

ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.

დამკრძალავი კომისია

სინოდის სხდომას პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი უძღვებოდა.

სინოდმა ასევე დაადგინა დამკრძალავი კომისიის შემადგენლობა:

  • მიტროპოლიტი შიო მუჯირი
  • ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი
  • ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
  • ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე
  • ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა
  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე
  • გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
  • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი
  • სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი
  • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი
  • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
  • კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
  • საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
  • არქიმანდრიტი კირიონი

ფორუმი

XS
SM
MD
LG