Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა დაიწყო ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა ჯგუფმა - რა აინტერესებთ მათ

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტების მისიამ საქართველოზე დღეს დაიწყო მუშაობა“, - წერს ეუთო X-ზე
„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტების მისიამ საქართველოზე დღეს დაიწყო მუშაობა“, - წერს ეუთო X-ზე

ოთხშაბათს, 11 თებერვალს ეუთოს ფარგლებში 20-ზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მუშაობა დაიწყო საექსპერტო მისიამ საქართველოსთან დაკავშირებით.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტების მისიამ საქართველოზე დღეს დაიწყო მუშაობა“, - იუწყება ეუთო სოციალურ ქსელ X-ზე.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „ნებისმიერი რელევანტური ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 თებერვლამდე“, - შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება 2026 წლის 29 იანვარს მიიღო ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ.

დღეს სწორედ მათმა წარმომადგენლებმა მიავლინეს „საექსპერტო მისია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საქართველოში“.

ეს არის „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

„უნდათ მოსკოვის მექანიზმი ჩართონ, უნდა რუსული მექანიზმი“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამ გადაწყვეტილებას.

„კი ბატონო, აამოქმედონ... ჩვენ ვისი, რომელი ჯგუფის და რომელი რევიზორის შეგვშინებია?“ - განაცხადა მან.

ფაქტების დამდგენმა მისიამ უნდა წარმოადგინოს „ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები“. სხვა საკითხებთან ერთად, მისი ამოცანა იქნება:

  • „ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება“;
  • „შეფასება ამ მოვლენების გავლენისა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, - რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ განმარტებას ეფუძნება“;
  • „შემაშფოთებელი საკითხების მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემა“.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წლის „ვენის მექანიზმს“, მიიღეს 1991 წელს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

რა საკითხები აინტერესებთ მათ

რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც, იანვრის ბოლოს გავრცელებული განცხადების თანაავტორების თანახმად, ინიციატორ ქვეყნებს აღელვებთ - ამ საკითხების არასრული ჩამონათვალი ასეთია:

  • „საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის სივრცის შეზღუდვას“;
  • „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით განხორციელებული სამართლებრივი ქმედებები“;
  • „არჩევნების მთლიანობა, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების ფონზე“;
  • „მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის აქტიური გავრცელება“;
  • „დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები“;
  • „გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვები“;
  • „პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და სისხლისსამართლებრივი დევნა“;
  • „სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიული სისტემის დამკვიდრების მიზნით“;
  • „თავისუფლებაჩამორთმეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებები“;
  • „ძალის გადაჭარბება და თვითნებური დაკავებები“;
  • „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG