Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებული ირანელი ნობელის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის სიცოცხლე „სერიოზულ საფრთხეშია“

ირანელი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი
ირანელი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, დაპატიმრებული ირანელის, ნარგეს მოჰამადის ძმამ RFE/RL-ის რადიო ფარდას განუცხადა, რომ მისი დის სიცოცხლე „სერიოზულ საფრთხეშია“ მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ციხეში გულის შეტევა გადაიტანა.

ჰამიდ რეზა მოჰამადიმ თქვა, რომ მის დას სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებიან. მას აქვს „მხედველობის პრობლემები, გულისრევა, არტერიული წნევის პრობლემები და გულმკერდის ტკივილი“.

ადამიანის უფლებების დაცვის გამო, ნარგეს მოჰამადიმ ბოლო ათწლეულის დიდი ნაწილი ციხეში გაატარა. ის დეკემბერში ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე დააკავეს.

„მაშჰადში დაკავების შემდეგ, თავში მიღებული დარტყმების გამო, მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო,“ - თქვა ძმამ.

დაკავების შემდეგ მას შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. აპრილში მისმა მეუღლემ, თაგი რაჰმანიმ, რადიო ფარდას უთხრა, რომ ნარგეს მოჰამადის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ხელისუფლება გადაწყვეტილი აქვს, კონტროლი შეინარჩუნოს მასობრივი სიკვდილით დასჯებითაც კი და ისეთი გამოჩენილი ფიგურების მკვლელობით, როგორებიც არიან ნარგესი და ნასრინ სოტუდე, ფატემე სეპეჰრი და მრავალი სხვა“, - თქვა მან.

ირანში მზარდი რეპრესიების ფონზე, უფლებადამცველი ნასრინ სოტუდე 1 აპრილს თეირანში საკუთარ სახლში დააკავეს.

სეპეჰრი 2022 წლიდან პატიმრობაშია, როდესაც ის დააკავეს მასობრივი მასშტაბის საპროტესტო აქციების „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ დროს. მას 2024 წელს დამატებითი სასჯელიც დაემატა, მას შემდეგ, რაც მან დაგმო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე, ორგანიზაციაზე, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

ნარგესის ძმამ, ჰამიდ რეზა მოჰამადიმ რადიო ფარდას უთხრა, რომ მისი აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს.

„სამწუხაროდ, ამ კონფლიქტში ჩართული ქვეყნები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები, ყურადღებას ამახვილებენ ჰორმუზის სრუტეზე და ნავთობის ფასებზე. ადამიანის უფლებები სრულიად დავიწყებულია,“ - თქვა მან.

მისი თქმით, ნარგეს მოჰამადი ახლა ზანჯანის ციხეში იმყოფება, თეირანიდან დაახლოებით 330 კილომეტრის დასავლეთით.

„ადვოკატები და ოჯახი ცდილობენ, რომ იგი მაინც გადაიყვანონ თეირანში სპეციალისტთან სამკურნალოდ, მაგრამ ესეც დაბლოკილია,“ - თქვა მან. - „არ აძლევენ ნარგესს საშუალებას, რომ სანდო სპეციალისტი ნახოს.“

„სასტიკი მოპყრობა“

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა თებერვალში განცხადება გაავრცელა და ირანს მოუწოდა, შეეწყვიტა „სასტიკი მოპყრობა“ და დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა მოჰამადი.

2 აპრილს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-მაც მოითხოვა მისი გათავისუფლება, გულის შეტევის ფაქტზე მითითებით.

ორგანიზაციის განცხადებით, ზანჯანის ციხეში მყოფი პატიმრები რისკის ქვეშ არიან აშშ-ისა და ისრაელის ავიადარტყმების გამო, რადგან ახლოს აფეთქებები ისმის, რაც პატიმრებში შიშს აძლიერებს და კიდევ უფრო აუარესებს მოჰამადის ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ჰამიდ რეზა მოჰამადიმ ასევე თქვა, რომ ციხის პირობები განსაკუთრებით მძიმეა ირანის ხელისუფლების გაზრდილი შიდა დაძაბულობის ფონზე, რომელიც უკავშირდება აშშ-თან მიმდინარე დაპირისპირებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG