მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზის ტექსტში არის წინადადება - „ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი [თამარ მეფის] სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“. - რომელიც თამარ ბაგრატიონს ვაშინგტონის სამიტზე გამოსვლისას არ წაუკითხავს.
სამიტის ვიდეოჩანაწერი თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა: თავდაპირველად შეთანხმებული სიტყვა შეიცვალა, თუ რა მიზეზით განსხვავდებოდა მისი ინგლისურენოვანი გამოსვლის ტექსტი პრესცენტრის მიერ გავრცელებული თარგმანისგან?
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გაავრცელეს წინასწარ მომზადებული სიტყვა და არა უშუალოდ გამოსვლის ტექსტის თარგმანი.
„საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა მის მიერ გამზადებული „სფიჩი“. სამწუხაროდ, სიტყვის წარმოთქმის დროს, მოხდა მცირე ადამიანური ხარვეზი, რამაც გამოიწვია პირველი ლედის „სფიჩიდან“ ერთი წინადადების გამოტოვება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მედიაში მათ შორის გასულიყო სიტყვის ის ნაწილიც, რომელიც ადამიანური ფაქტორის გამო სიტყვის წარმოთქმის დროს გამოტოვებულ იქნა“, - ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
გუშინ, 24 მარტს თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიტის („ერთად უკეთესი მომავლისთვის“) სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
„დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას“, - თქვა მან.
ბაგრატიონის გამოსვლის ფრაგმენტი, სადაც ინგლისურად საუბროს დროს ეტყობოდა მღელვარება, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო.
ბაგრატიონის სამიტში მონაწილეობის შესახებ პროსახელისუფლებო „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ხმა არ ისმის.
პირველ ლედისთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი. პარლამენტარის სიტყვებით, „ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო ის, რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში“.
სამიტის შესახებ
- ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით იმართება, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ გლობალური კოალიციაა, რომელიც განათლებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
- ამ იდეის შესახებ მელანია ტრამპმა გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა.
- ეს სამიტი პირველი შემთხვევაა, როცა პირველი ლედი თეთრ სახლში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს. სამიტი 24 მარტს გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დასრულდება.
ფორუმი