რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ბენზინი აფხაზეთში „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ასეთ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას აძლევს.
2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება - „18 ივლისიდან (2026 წლის) წარმოშობილ ურთიერთობებზე“.
„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.
„...ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“
არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა.
არველაძე ამბობს, რომ მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი“:
„აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“.
„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი.
არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი.
„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - დასძინა მან.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბენზინის ახალი პარტიის გაგზავნა აფხაზეთში, არველაძე პასუხობს:
„ნეტავ სულ ეგრე იყოს და სულ ქართული ნავთობპროდუქტები იყოს აფხაზეთში. ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“.
არველაძის განმარტებითვე, საწვავს მისი კომპანია ქართულ ბაზარზე ყიდულობს. აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ქვეყანაში ევროპიდან შემოვიდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 2025 წელს აფხაზეთში ბენზინის საერთო იმპორტმა 84 235 ტონა შეადგინა.
ქართული მხარის მიერ ამ დროისთვის შეტანილი მოცულობა, 300 ტონა, წლიური მიწოდების 0.5%-ზე ნაკლებია.
300 ტონა ბენზინი დაახლოებით 8 000 ავტომობილის 50-ლიტრიანი ავზის ავსებას ეყოფა.
„რამდენიმე სატვირთო მანქანა“
ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 12 აგვისტოს იმ კომპანიის დასახელება მოითხოვეს, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა.
ისინი ეჭვებოდნენ, რომ ამ საწვავს შესაძლებელია რუსეთის სამხედრო ბაზები მოემარაგებინა. ამის გარდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ საწვავი „სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ“.
ოპონენტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ აფხაზეთში გაიგზავნა „3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“.
„რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად?“ - თქვა იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის დასახელებული მოცულობიდან გამომდინარე, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვარაუდობდა, რომ საწვავი აფხაზეთში საზღვაო გზით, ტანკერით შეიტანეს.
თუმცა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ განმარტა, რომ 300 ტონა ბენზინი აფხაზეთში ენგურის ხიდით, საავტომობილო ცისტერნებით მოხვდა.
ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩო
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან აფხაზეთში საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.
„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის განცხადებითვე, თუ საქართველოს მთავრობას შეუძლია აფხაზეთის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს, ეს გაკეთდება „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“.
- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
- სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.
ფორუმი