შაბათს, 24 იანვარს, ოფიციალურმა კიევმა მკაცრად დაგმო რუსეთის სასიკვდილო დარტყმები იმ ფონზე, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები აბუ-დაბიში მეორე დღეა იკრიბებიან თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების გეგმის განსახილველად.
აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ნაწილი პარასკევს, 23 იანვარს გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „რუსეთის ყოველი ასეთი დარტყმა ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებაში დაყოვნება დაუშვებელია“.
„ამ თავდასხმებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება; მათ ძლიერი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ იმედს ვამყარებთ ყველა ჩვენი პარტნიორის რეაქციასა და დახმარებაზე. თითოეული რაკეტა Patriot-ის, NASAMS-ისა და ყველა სხვა სისტემისთვის გვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში და საშუალებას აძლევს ხალხს, გაუძლოს ზამთრის სიცივეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველაფრის სრულად იმპლემენტაცია, რაზეც პრეზიდენტ ტრამპთან დავოსში შევთანხმდით საჰაერო თავდაცვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება“, - დაწერა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 370-ზე მეტი მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 21 რაკეტა. სამიზნეებს შორის იყო კიევი და მისი ოლქი, ასევე სუმის, ხარკოვისა და ჩერნიჰივის რეგიონები. ხარკოვში დაზიანდა სამშობიარო სახლი, დევნილთა საერთო საცხოვრებელი, სამედიცინო კოლეჯი და საცხოვრებელი კორპუსები. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის — ბავშვი.
დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონში რუსების მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. ამ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სამშვიდობო ძალისხმევა? სამმხრივი შეხვედრა საამიროებში? დიპლომატია? უკრაინელებისთვის ეს რუსული ტერორის მორიგი ღამე იყო“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.
„ცინიკურია, რომ პუტინმა გასცა უკრაინაზე სასტიკი, მასირებული სარაკეტო დარტყმის ბრძანება სწორედ მაშინ, როდესაც დელეგაციები აბუ-დაბიში ამერიკის მიერ ინიციირებული სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად ხვდებიან. მისმა რაკეტებმა დაარტყეს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასაც“.
პირველი პირდაპირი მოლაპარაკება უკრაინელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებაზე პარასკევს დაიწყო. უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ დისკუსიები ფოკუსირებული იყო „რუსეთის ომის დასრულების პარამეტრებზე და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკაზე“.
აშშ-ის თავდაპირველმა პროექტმა კიევსა და დასავლეთ ევროპაში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია მოსკოვის ხაზთან ზედმეტად მიახლოების გამო, ხოლო გვიანდელმა ვერსიებმა რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია ევროპელი მშვიდობისმყოფელების იდეის წამოწევის გამო.
ორივე მხარე აცხადებს, რომ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ტერიტორიების ბედი რჩება ერთ-ერთ მთავარ გადაუჭრელ საკითხად იმ ომის მოწესრიგების ძიებაში, რომელმაც ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ნაწილები გაანადგურა.
ფორუმი