Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - ოპოზიციის შეფასებები

ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის წარმომადგენლები დაპატიმრებული ექსპრემიერის განცხადებას ეხმაურებიან. დღეს, 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს.

ბერდია სიჭინავა, „გახარია საქართველოსთვის“: ოცნებაში „არაჯანსაღი ვითარებაა“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ „კლანური დაპირისპირების მკაფიო გამოხატულებაა“.

ბერდია სიჭინავა
ბერდია სიჭინავა

„ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დღეს ჯანსაღი ვითარება არ არის. არაა ისე, როგორც თავად აღიქვამენ და საუბრობენ, თითქოს ოპოზიციას ანადგურებენ, მოწინავე პოლიტიკური ძალა არიან და კონკურენტი არ ჰყავთ“, - ამბობს ბერდია სიჭინავა.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი „უფრო მკაფიო უნდა იყოს“ თავის განცხადებებში.

„მე არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდანაც“, - დასძინა მან.

ლევან სამუშია, „ძლიერი საქართველო-ლელო“: „უმძიმესი მაფიოზური მმართველობაა“

პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ქვეყანაში უმძიმესი მაფიოზური მმართველობაა“.

ლევან სამუშია
ლევან სამუშია

„ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული, სისტემა, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს. ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია, გამოძიების დაწყების საგანი თუ სამართლებრივად შევხედავთ“, - განაცხადა სამუშიამ.

ირმა ინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსი“: „მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს“

„არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი. მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ, ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია“, - წერს სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი. ირმა ინაშვილი იმ წერილშია ნახსენები, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით, მას ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.

„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“, - წერია ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში არანაირი კამპანია არ დაუგეგმავს და არ განუხორციელებია.

ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

„ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს. კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა „დასმენების“ კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“ - ამბობს ინაშვილი.

ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“: „ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო“

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას შეფასებით, ირკვევა, რომ ღარიბაშვილის დაჭერა „არა კორუფციონერის დასჯა ან ზოგადად კორუფციასთან ბრძოლაა“, არამედ ივანიშვილის „პირადი პოლიტიკური ინტერესი, მოიცილოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე“.

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„და კი, ასეთ შემთხვევებში დაჭერილი პოლიტპატიმრად ფასდება საერთაშორისო სტანდარტებით, გინდა ღარიბაშვილი იყოს გვარად და გინდა ჯონ სმიტი, გინდა ჩადენილი ქონდეს დანაშაული და გინდა არა“, - წერს გვარამია.

„როგორც ჩანს, რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. თანაც, უკვე თავის შავრაზმელ ქოცებშიც, რახან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს“, - ფიქრობს პოლიტიკოსი.

გვარამიას აზრით, ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის „დაუმარხავი მიცვალებულია“:

„არავის რომ არ უნდა, ყველა რომ მის მოშორებას ცდილობს და დაჭერილი ღარიბაშვილიც კი რომ ჯობნის ქოცების გულებში :)) ამიტომაც, მალე „დამარხავენ“.

გვარამია მიუთითებს გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმად, „ღარიბაშვილის ცოლისძმის, მისი სიმამრის და მამამისის (ანუ ღარიბაშვილის სიმამრის) სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, ქონებების აღწერის და დაუსრულებელი დაკითხვების თანხლებით“.

„ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვჯდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას. იმედია, სანდო და უშიშარი ადვოკატი გამოინახება ციხიდან სიმართლის გამოსატანად;)”, - დასძენს გვარამია.

რომან გოცირიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: ღარიბაშვილი - პოლიტპატიმარია

სუსის ყოფილი უფროსი გიორგი ლილუაშვილი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „არიან პოლიტიკური პატიმრები, ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლები“, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

მისი თქმით, „არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ნამდვილად კორუფციული დანაშაულის გამო დააკავეს თუ არა“.

„პოლიტპატიმარი არის ის, ვისი დაპატიმრებაც პოლიტიკური მიზნით ხდება. არცერთი სიტყვა, რომელსაც სასამართლო დარბაზებიდან ვისმენთ, სანდო არ არის. ერთადერთი, ვინც იცის მაღალჩინოსნების დაპატიმრების რეალური მოტივი, არის ბიძინა ივანიშვილი. არც შემსრულებლებმა იციან, რას სჩადიან-ისინი დავალებების ბრმა შემსრულებლები არიან“, დასძენს გოცირიძე.

რას მოჰყვა გამოხმაურებები?

  • ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკში დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
  • ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მას წერილი გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს.
  • „გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას“, - წერია ღარიბაშვილის განცხადებაზე თანდართულ წერილის გამოსახულებაზე. აღიარების შემთხვევაში მას, ამ წერილის მიხედვით, მისჯილი 5-წლიანი პატიმრობის ვადა არ გაეზრდება.
  • ღარიბაშვილი შეთავაზებულ პირობას მისი და მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმად“ აფასებს და საზოგადოებას ჰპირდება, რომ 18 აგვისტოს ხალხს „სიმართლეს“ გააცნობს.
  • ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვრიდან იხდის 5-წლიან სასჯელს - ის დამნაშავედ ცნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: პატიმრობის გარდა, მას დაეკისრა 1 მლნ ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია.
  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ამ დრომდე (19:25) არ მოჰყოლია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამოხმაურება, მომხდარი არც პროსახელისუფლებო არხებს გაუშუქებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG